საქართველოში შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სააგენტო

„ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სააგენტო. გადაწყვეტილებას მთავრობის სახელით ხელი 15 აპრილს მოაწერა ირაკლი კობახიძემ.
სააგენტო მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, თბილისში, ინგოროყვას №7-ში განთავსდება.
სააგენტოს ხელმძღვანელი პირია თავმჯდომარე – მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 22 აპრილიდან ამ თანამდებობას იკავებს თამარ ზოდელავა.
თამარ ზოდელავას კომპლექსური პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
2003 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის გუნდში მუშაობდა სხვადასხვა პროექტსა და პოზიციაზე, ასევე იყო ევროპის საბჭოს პროექტის მრჩეველი და აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონული ფონდის პროექტის მენეჯერი.
თამარ ზოდელავამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, გაიარა გერმანულენოვანი საერთაშორისო კერძო სამართლის მაგისტრატურა. იგი აგრეთვე სწავლობდა ბრემენის უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის განხრით და გავლილი აქვს სწავლება შპაიერის საჯარო მმართველობის უნივერსიტეტში.
დაახლოებით ორი თვის წინათ, 20 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო“.
ამავდროულად, „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული სახით შეცვალა „გრანტების შესახებ“ კანონი და მისი ნებართვის გარეშე დაფინანსების მიღება აუკრძალა მისგან დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ცვლილებების შედეგად:
გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა;
პასუხისთვის დგინდება 10-დღიანი ვადა;
გასაჩივრება არ აჩერებს მთავრობის გადაწყვეტილებას;
თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია;
უნებართვო გრანტისთვის სასჯელი ეკისრება გრანტის მიმღებს – „საგრანტო თანხის ორმაგი ოდენობით“.