მნიშვნელოვანისაქართველო

საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, 19 მაისს საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. თბილისში, მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება, ხოლო რაც შეეხება რეგიონებს – მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებია, ხოლო საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრა მიმდინარეობს
410 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი. 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა (10,4%) მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა, ყველაზე მაღალი აქტივობა კი საგარეჯოს მუნიციპალიტეტშია (35,7%).

დანარჩენ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგნაირად ნაწილდება:  მარნეული – 14%, ზესტაფონი – 16,5%, ჭიათურა – 17,6%, ტყიბული – 17,7%, ოზურგეთი – 17,8%, ახმეტა – 18,4%, ხულო – 19,5%,
ზუგდიდი – 20,1%, წყალტუბო – 22,2%, ხოლო ადიგენი – 23,1%.

საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათიდან გაიხსნა. ამომრჩევლებმა
ძირითადად ერთი საარჩევნო ბიულეტენი მიიღეს, ხოლო იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნებთან ერთად საკრებულოების შუალედური არჩევნები
იმართება – მოქალაქეებს ორი ბიულეტენი დახვდათ.

ცესკოს ინფორმაციით, 19 მაისის არჩევნებს 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი აკვირდება. არჩევნების დღეს აშუქებს 45 მედია ორგანიზაციის 1 917 წარმომადგენელი. ხოლო არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ, რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button