საქართველოში წითელას და ჩუტყვავილას აფეთქებაა
დღეს ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში 8% არის კორონავირუსი

ქვეყანაში წითელას აფეთქებაა, თუმცა გარდა ამისა, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ჩუტყვავილას მომატებულ რაოდენობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ იანვრიდან დაწყებული აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში 3118 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
როგორც ივანე ჩხაიძე აცხადებს, 2018 წლის შემდეგ, წელს არის ისე პერიოდი, როდესაც შემთხვევების მკვეთრი მატებაა.
“წელს გვაქვს აფეთქება ზუსტად 5 წლის შემდეგ და 4 თვეში, იანვრიდან დაწყებული აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში ჩუტყვავილას 3118 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. შესაბამისად, თუ ეს ტენდენციაც გაგრძელდა, 2023 წელიც იქნება ამ მხრივ გამორჩეული და ალბათ, 10 000-მდე შემთხვევა გვექნება წლის განმავლობაში. 2018 წლის შემდეგ წელს არის ისე პერიოდი, როდესაც შემთხვევების მკვეთრი მატება გვაქვს. 2-3-ჯერ მეტი, ვიდრე სხვა წლებში აღინიშნება,” – აცხადებს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, ქვეყანაში წითელას აფეთქების შემთხვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ დაავადების მიმდინარეობა, ყველაზე მეტად საყურადღებო 2 წლამდე ასაკის ბავშვებშია. თუმცა, მისივე თქმით, მოზრდილებში გართულების რისკები მეტია:
“გართულებები პირველივე დღეებიდან უნდა შეფასდეს. განსაკუთრებით თუ მიმდინარეობს მაღალი ცხელება და უხვი გამონაყარი. პირველ 48 საათში თუ გამონაყარის რაოდენობა საკმაოდ სოლიდური იქნება და დაიფარება მთლიანი სხეული, ეს ნიშნავს, რომ უკვე არის მძიმე მიმდინარეობის რისკები და უნდა მოხდეს სპეციალისტის ჩართულობა. ყველაზე მეტად საყურადღებოა 2 წლამდე ასაკის ბავშვებში დაავადების მიმდინარეობა და ასევე 20 წელს ზემოთ მოზრდილ მოსახლეობაში. მოზრდილებში კი, გართულების რისკები მეტია,” – ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, “იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში 8% არის კორონავირუსი.
როგორც მან აღნიშნა, „ომიკრონის“ მუტაციაა, რაც ქვეყანაში ფიქსირდება, მაგრამ 65 წელს ზემოთ გადაცილებული მოსახლეობისთვის შესაძლოა, ეს რისკის მატარებელი იყოს.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, დღეს ჩვენს ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში 8% არის კორონავირუსი. 8% ძალიან დიდი ციფრია. შესაბამისად, კორონავირუსი არსად გამქრალა და მიმართვიანობა გრძელდება. „ომიკრონის“ მუტაციაა, რაც ქვეყანაში ფიქსირდება, მაგრამ 65 წელს ზემოთ გადაცილებული მოსახლეობისთვის შესაძლოა, ეს რისკის მატარებელი იყოს. კიდევ ერთი თავისებურება, რაც წლევანდელ წელს აქვს, დღემდე რჩება გრიპის ვირუსი, რომელიც 3%-ია დადასტურებულ შემთხვევებს შორის. წინა კვირებში ასევე ერთეული შემთხვევები იყო A ტიპის ვირუსის. ასე რომ ეს მაინც საყურადღებოა, თუმცა, უპირატესი არის რინოვირუსი, გაციებით მიმდინარე დაავადება. 28%-ია რინოვირუსის მაჩვენებელი. ყველა შემთხვევა არა, მაგრამ უმრავლესობა არის მსუბუქი“,-განაცხადა ჩხაიძემ.