მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველო

“საქართველოში უკანონო შემოსავლების უდიდესი ნაწილი მოდის საბანკო თაღლითობაზე, კიბერდანაშაულზე და გაფლანგვაზე”

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ფულის გათეთრება ხდება. ამ ჩამონათვალში შესულ ქვეყნებში, ფინანსურ ტრანზაქციებში საერთაშორისო ნარკოტრეფიკიდან შესული ფულიც გადის. ანგარიშში საქართველოში უკანონო შემოსავლების მთავარ წყაროდ საბანკო თაღლითობა და კიბერდანაშაული სახელდება.

“საქართველოში უკანონო შემოსავლების უმეტესი ნაწილს იღებენ საბანკო თაღლითობიდან, კიბერდანაშაულიდან და თანხების უკანონო მითვისებიდან. მიუხედევად იმისა, რომ ხელისუფლებამ დაიწყო ნარკოტიკების შემთხვევებზე პარალელური ფინანსური გამოძიებები, არსებობს მცირე მყარი მტკიცებულება, ვივარაუდოთ, რომ უკანონო ნარკოტიკებიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი მოცულობა თეთრდება ოფიციალური ფინანსური სისტემის გავლით. თუმცა, ვინაიდან საქართველო მდებარეობს ტრეფიკინგის მნიშვნელოვან და კარგად ჩამოყალიბებულ დერეფანში, ნაღდი ფულის კონტრაბანდისა და ფულის გათეთრების ალბათობა მაღალია,”- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

როგორც ანგარიშის ავტორები შენიშნავენ, 2018 წლის აპრილში თბილისის ორ პოპულარულ ღამის კლუბში პოლიციის მიერ განხორციელებულ რეიდებს მოჰყვა საპროტესტო გამოსვლების ტალღა, რამაც ხელისუფლება აიძულა, შეერბილებინა ნარკოპოლიტიკა. 2018 წლის ივლისში საქართველოში მოხდა სამედიცინო მიზნებით კანაფის მოყვანისა და პროდუქციის ლეგალიზაცია და მისი პირადი მოხმარების დეკრიმინალიზაცია.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სეპარატისტულ რეგიონებს, რომლებსაც თბილისი ვერ აკონტროლებს. ანგარიშის თანახმად, „საქართველოს პროკურატურამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებას შორის კავშირების პოვნას“. გამოთქმულია რეკომენდაცია, რომ საჭიროა ინფორმაციის უფრო მეტი გაცვლა და თანამშრომლობა შესაბამის ორგანოებს შორის, რათა სადაზვერვო ინფორმაცია და რესურსები ერთობლივად იქნეს გამოყენებული საფინანსო დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლაში.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველომ უფრო მეტად უნდა გააკონტროლოს თავის სათამაშო ინდუსტრიას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ეხმაურება.  მამუკა მდინარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გამოთქმულ მოსაზრებებს არ იზიარებს და ამბობს, რომ დოკუმენტში არარეალური საკითხები მოხვდა. მდინარაძე არასწორი ინფორმაციის წყაროდ არასამთავრობო ოგრანიზაციებს ასახელებს. რადგან როგორც მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, დეპარტამენტი ან ხელისუფლების ან არასამთავრობო სექტორის მიერ მიწვდილ ინფორმაციას ეყრდნობა. 

საპარლამენტო უმრავლესობიდან მამუკა მდინარაძის და გია ვოლსკის ხმა 

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, რომელშიც საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ფულის გათეთრება ხდება, ოპოზიცია ეხმაურება. 

ოპოზიციიდან ხატია დეკანოიძის და სერგი კაპანაძის ხმა

საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებზე მორიგ თავდასხმას ბრალდების ადრესატები ეხმაურებიან. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მოუწოდა, კონკრეტულად დაასახელონ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც აშშ-ის სახელმწფიო დეპარტამენტს ამ საკითხებზე ანგარიში გადაუგზავნა.

სულხან სალაძის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button