რეგიონისაქართველოსიახლეები

პანდემია და პრემიები ოზურგეთის მერიაში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დასაქმებულებმა პრემიები მიიღეს. მათ შორის არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე.

„გურია ნიუსმა“ სცადა, გაერკვია, რა დამსახურების გამო გასცა პრემიები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მაშინ, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც სახლში უმუშევარი არაერთი ადამიანი რჩება.

როგორც სირაძე აღნიშნავს, პრემიების გაცემა მიზნად ისახავდა იმ თანამშრომლების წახალისებას, რომლებიც კორონავირუსის პრევენციულ საქმიანობაში 24 საათის განმავლობაში არიან ჩართულები და ერთ-ერთი მათგანი თვითონ ამიტომაც გახდა.

„ამ ახალი ინფექციის პრევენციის გამო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური, ფაქტობრივად, გადაყვანილი იქნა 24-საათიან რეჟიმზე შაბათ-კვირიანად და დაახლოებით, ამ 25 დღის განმავლობაში ჩაატარეს 3000 კვადრატამდე ტერიტორიის დეზინფექცია. ასევე მონიტორინგზე ჰყავდა ამ სამსახურს აყვანილი ჩემთან ერთად, დაახლოებით, 125 მოქალაქე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც ამოწმებდა, რომლებთანაც ვიზიტები ხორციელდებოდა კვირაში 2-3-ჯერ. კიდევ ბევრი სამუშაო ტარდება და ჩატარდება ეს ღონისძიებები, ვიდრე საჭირო იქნება. სწორედ ამიტომ, ხელმღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, წაეხალისებინა ის ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერში იყვნენ ჩართულები“, _ განაცხადა სირაძემ.

ოზურგეთის მერიაში პრემიების დარიგების საკითხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა.

გიორგი გახარიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ოზურგეთის მერიამ მაღალჩინოსნებზე პრემია გასცა, შესაბამის ზომას მიიღებს. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს ბათუმში უპასუხა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას ვირუსთან ბრძოლის ფონზე, რამდენად გამართლებულია პრემიების აღება.

„ეს ფაქტი თუ დადასტურდა, კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია სხვადასხვა მიზეზების გამო. მე მესმის, რომ ეს ადამიანები დღეს, შეიძლება წინა ხაზზე არიან და COVID19-ს ებრძვიან, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა. ისინი საჯარო მოხელეები არიან, ისინი ან არჩეულები არიან, ან დანიშნულები არიან გუნდის მიერ და ხალხს უნდა ემსახურონ იმის მაგივრად, რომ პრემიები აიღონ. გავერკვევი, გპირდებით ამ მომენტში და თუ ეს დადასტურდა, შესაბამის ზომას მივიღებ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button