მნიშვნელოვანისაქართველო

სარალიძის და მაჩალიკაშვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნით აქცია განახლდება

დღეიდან თბილისში საპროტესტო აქციებს განაახლებენ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი.

აქცია რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე დაიწყება.

ისინი პროტესტს უცხადებენ შერჩევით საართალს და შვილების მკვლელების დასჯას მოითხოვენ.

სარალიძის და მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, აქცია არ არის პოლიტიკური და მისი ორგანიზატორები თავად არიან.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციები მაისის ბოლოს დაიწყო მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის ვერსია და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი უშუალოდ ამ ნაწილში უდანაშაულოდ ცნო.

მაშინ სარალიძის ორგანიზებულ აქციას შეუერთდა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც უარყოფს, რომ მის ვაჟს, თემირლან მაჩალიკაშვილს კავშირი ჰქონდა 2017 წლის ნოემბერში, თბილისში განეიტრალებულ ახმედ ჩატაევის ჯგუფთან და შვილის მკვლელობაში ადანაშაულებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს.

მაისში დაწყებული საპროტესტო აქციები ივლისში შეწყდა. ზაფხულის განმავლობაში იმუშავა პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ. მასში უმრავლესობით მყოფი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა გასულ კვირაში გამოაქვეყნეს დასკვნა და რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, დავით სარალიძის მკვლელობაში უშუალო მონაწილეობისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს მოწმის სტატუსის მქონე მ.კ-ს წინააღმდეგ, პასუხი უნდა მოეთხოვით საქმის გამომძიებლებს და უნდა დადგეს შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც. დასკვნას მხარი არ დაუჭირეს „ქართული ოცნების“ წევრებმა, რომლებიც გამოძიების პროცესში ხარვეზებს აღიარებენ, თუმცა, მიიჩნევენ, რომ სამოხელეო დანაშაულის ნიშნები არ ჩანს და შესაბამისად, არ დგას კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი დევნის აუცილებლობის საკითხი.

მსგავსი პოსტები

Back to top button