მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა ღამით Shahed-136 დრონებით უკრაინის ტერიტორიები დაბომბეს

უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ რუსმა სამხედროებმა ღამით ირანული Shahed-136 დრონებით ე.წ. კამიკაძე თვითმფრინავებით მასიური დარტყმა განახორციელეს. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდასხმის მოგერიების შედეგად, 21 დრონიდან 16 ჩამოაგდეს.

“ამ ღამით, 22 მარტს, მტერმა მორიგი მასიური საჰაერო დარტყმა განახორციელა Shahed-136 დრონებით. წინასწარი ინფორმაციით, 21 თვითმფრინავიდან 16 ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს.” – ნათქვამია განცხადებაში.

თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
კიევის რეგიონის პოლიციის უფროსის თქმით, კორპუსიდან 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სიტუაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
კიევში, ქალაქის ირგვლივ საჰაერო სივრცეში აღმოჩენილი ყველა სამიზნე განადგურდა, განაცხადა ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 21 მარტს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 32 საავიაციო და 10 სარაკეტო დარტყმა და 90 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

გარდა ამისა, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაცხრილეს დონეცკის, ლუგანსკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების სრული ოკუპაციის მიზნით, რუსეთი განაგრძობს შეტევებს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის, მარინკის და შახტარსკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 114 შეტევა. გენერალური შტაბის ცნობით, სხვა მიმართულებებით, მათ შორის ზაპორჟიესა და ხერსონში, რუსეთის საოკუპაციო ძალები თავდაცვის რეჟიმში არიან.

გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში უკრაინის ავიაციამ 6 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, საბრძოლო მასალების საწყობი და რადიოლოკაციური სადგური. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობითვე, 21 მარტს განადგურებულია 15 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 მართვადი საავიაციო რაკეტა Х-59. რუსეთმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა 22 მარტსაც. საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის ხუთ საათამდე გაგრძელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დილით განაცხადა, რომ რუსეთმა განახორციელა მორიგი, მასირებული შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით Shahed-136. გენშტაბის წინასწარი ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 21 დრონიდან 16.

მსგავსი პოსტები

Back to top button