რეგიონისიახლეები

სარწყავი წყლის გამო დაპირისპირება აწყურში

სარწყავი წყლის გამო, აწყურში მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირსპირდა. თვითმმართველობა სარწყავი წყლის სისტემის მილებს ამატებს, თუმცა ადგილობრივების ნაწილი სამუშაოებს აპროტესტებს და ამბობს, რომ თუ მილები ისე გაკეთდება, როგორც ახალციხის მერია გეგმავს, ბიუჯეტიდან ფული ტყუილად დაიხარჯება, წყლით კი, მოსახლეობა ვერ ისარგებლებს. ახალციხის მერიაში ამტკიცებენ, რომ წყალი ყველას ნაკვეთამდე მივა.

აწყურის მცხოვრებლების ნაწილი ფიქრობს, რომ მერია სარწყავი წყლის მილების დაგრძელებას სწორი გეგმით ახორციელებს. მეორე ნაწილი კი, აპროტესტებს და ამბობს, რომ თუკი პროექტი არ შეიცვალა, ბიუჯეტიდან ფული უმიზნოდ დაიხარჯება, ნაკვეთების ნაწილი კი, რწყვის სეზონზე, წყლის გარეშე დარჩება.

ადგილობრივები „სამხრეთის კარიბჭესთან“ ჰყვებიან, რომ სოფელში სარწყავი წყლის სისტემა 90-იან წლებში მოიშალა. 2016 წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ აქ სატუმბი სადგური აღადგინა, წყალი კი, 90-იანებში მოქმედი ქსელის მილებში, გარკვეულ ადგილამდე, გორამდე მიედინებოდა. ამ წყლით მოსახლეობის მხოლოდ ნაწილი სარგებლობდა, რადგან გორის მიღმა არსებულ ნაკვეთებამდე წყალი ვერ აღწევდა.

ბოლო ოთხი წელია, ადგილობრივები სოფლისთვის გამოყოფილი თანხით სარწყავი წყლის მილების დაგრძელებას ითხოვდნენ, რათა წყლით უფრო მეტი ნაკვეთი მორწყონ.

„ძველი პროექტით, რომელიც 90-იანებში იყო, წყალი „კაკლებამდე“ მოდიოდა. ახლაც ასე დაგვპირდნენ. სანამ დაიწყებდნენ მშენებლობას, გვკითხეს, როგორ გვინდოდა. მთელი სოფელი თანახმა იყო, რომ ისე გაკეთებულიყო, როგორც მანამდე იყო. ამაზე დაგვთანხმდნენ, მაგრამ მერე მოულოდნელად შეცვალეს გეგმა და მილის აყვანა გორაკზე დაიწყეს, ისე, რომ არაფერი გვითხრეს.“ – ამბობს აწყურში მცხოვრები სიმონ იაშვილი.

მისივე მტკიცებით, ამ გეგმით გორაკზე ასული წყალი საკმარისად ვერ განაწილდება და დაახლოებით 15 ოჯახის მიწის ნაკვეთები სარწყავი წყლის გარეშე დარჩება.

„სარწყავი სისტემა, რომელიც 90-იან წლებამდე მუშაობდა, გორის გვერდის ავლით, მთის ფერდობზე ადიოდა, საიდანაც წყალი მთელს ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. ახალი პროექტით ეს შეუძლებელია, რადგან ჩვენი მიწის ნაკვეთები უფრო მაღლაა, ეს მილები, – დაბლა. ვერ მოირწყვება.” – ამბობს ადგილობრივი ჯულიეტა სვანიძე.

იმავეს ამბობენ სხვა ადგილობრივებიც და ითხოვენ, რომ მილმა ისევ ძველ ხაზზე გაიაროს.

საკითხთან დაკავშირებით, ნაკვეთების მეპატრონეებს აწყურის რწუმებული, რომან გორგაძე შეხვდა: „არ დავტოვებთ მოსახლეობას სარწყავი წყლის გარეშე. პროექტი იმიტომ შეიცვალა, რომ ხალხს უნდოდა ასე, მაგრამ მოსახლეობას აუცილებლად ექნება სარწყავი წყალი.“ – განაცხადა გორგაძემ.

მოსახლეობის პროტესტს ეხმაურებიან ახალციხის მერიაშიც. მერი, ზაზა მელიქიძე ხალხს არწმუნებს, რომ წყალი ამ ახალი პროექტის მიხედვითაც მივა მათ ნაკვეთებამდე და სადაო არაფერი ექნებათ: „მანდ მეზობლებს შორის არის დავა, როგორც ვიცი, ძმებს შორის. ერთსაც და მეორესაც უნდათ, რომ თავიანთ ნაკვეთებთან ახლოს იყოს წყალი, თუმცა ჩვენთვის პრიორიტეტი არის მთლიანად მოსახლეობა. ამიტომაც ჩვენი პროექტი და შეთანხმება არის, რომ ერთმაც მიიღოს და მეორემაც. ეს პროექტი ითვალისწინებს მილის კიდევ უფრო დაგრძელებას. იმ გორაზე ავა წყალი და შემდეგ იგივე დიამეტრის მილით გაგრძელდება და მიაღწევს იმ წერტილშიც, სადაც უნდოდათ.“ – ამბობს მელიქიძე.

ახალციხის მერის ინფორმაციით, სარწყავ ქსელს მუნიციპალიტეტის ააიპ „მელიორაციისა და წყალანირების სამსახური“ საკუთარი ხარჯებით აკეთებს და პროექტის ღირებულება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სამუშაოები დასრულდება.

ახალციხის მერი, ზაზა მელიქიძე მოსახლეობას პირდება, რომ უახლოეს კვირაში პროექტი დასრულდება და წყალს ყველა თანაბრად მიიღებს.

წყარო: “სამხრეთის კარიბჭე”

მსგავსი პოსტები

Back to top button