მნიშვნელოვანირეგიონი

სასამართლო ზურაბ ზვიადურის საქმეზე მსაჯულებს ვერ არჩევს

თითქმის რვა თვეა, ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ბრალდების საქმეზე, სასამართლო ნაფიც მსაჯულებს ვერ არჩევს.
შესარჩევი სხდომა, თელავის რაიონულ სასამართლოში, უკვე ოთხჯერ ჩატარდა, თუმცა, ამ დრომდე, არცერთი მსაჯული შერჩეული არ არის.

ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი, მაგდა კოტრიკაძე, რადიო ჰერეთთან საუბარში ამბობს, რომ მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, სასამართლო არცერთი მსაჯულის კანდიდატურას არ იწონებს.
” უკვე ოთხი სხდომა ჩატარდა და ნამდვილად არ ვიცი, რას ემსახურება ეს გაჭიანურება. იყო კანდიდატურები, რომლებიც ჩვენი აზრით, სრულად აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, მაგრამ რატომღაც ჩვენი შუამდგომლობა, არ დაკმაყოფილდა. ამდენ ხანს, სრული შემადგენლობა თუ არა, ნახევარი მაინც უნდა ყოფილიყო შერჩეული და საქმეც დასრულებული. როცა მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, ზვიადაური გირაოთი გაათავისუფლა, ის სწორედ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს ეყრდნობოდა. დაზარალებულის და ჩვენი მხარის მოწმეების ჩვენებები, არის სრულად იდენტური და ამტკიცებს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოქმედებდა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, ანუ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, რაც გამორიცხავს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მსაჯულები ჩვენს პოზიციას გაიზიარებენ”- განაცხადა კოტრიკაძემ.

ოლიმპიურ ჩემპიონს და საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, 2021 წლის 16 აგვისტოს მოხდა.

შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა სამი და დაიჭრა ორი პირი. გარდაცვლილებს შორის, ერთი, ზურაბ ზვიადაურის ძმაა.
თავად ზვიადაური, თელავის რაიონულმა სასამართლომ, 29 ნოემბერს პატიმრობიდან, 50 ათასი ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მსაჯულების შესარჩევი მეხუთე სხდომა, თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button