სასამართლომ 7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
კალაძე ამბობს, რომ შესაძლოა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სავალდებულო წესით გადაისინჯა.
სხდომაზე დაცვის მხარემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს აღნიშნულ საქმეზე თავდაპირველადაც არ უნდა ჰქონოდა შეფარდებული პატიმრობა. სახელმწიფო ბრალდება კი, აღკვეთის ძალაში დატოვებას ითხოვდა.
მოსამართლე ნინო ელიეშვილის განცხადებით, სასამართლოს რაიმე ახალი გარემოება აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით არ ჰქონდა, რის გამოც ძალაში დატოვა.
დღევანდელი სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეს ეხება. 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს
“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახი კალაძე ამბობს, რომ შესაძლოა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, თუმცა, მისივე თქმით, არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და საგანგაშო არაფერია.
“არ ვიცი, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, რას ფიქრობს. ერთი რამ მინდა ვთქვა: შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რაც მისთვის პირადად ძალიან მძიმე იქნება ყველანაირი თვალსაზრისით, თუმცა არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ თქმულა პროკურატურის მხრიდან. ასე რომ, საგანგაშო არაფერია. კარგი იქნება, პრეზიდენტს დაუსვათ შეკითხვა და მისგან მოვისმინოთ. ისეთ რადიკალურ განცხადებებს აკეთებს, რაც ჩვეულებრივ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგშია”, – თქვა კალაძემ.