სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმის აქციების მედროშის სარჩელი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის პროცესი გაიმართა. პროცესზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი თემურ ქათამაძისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ გამოაცხადა. გადაწყვეტილება დღეს, 18 მარტს, გახდა ცნობილი. საერთაშორისო დაცვის მინიჭების შემთხვევაში ადამიანს მიენიჭება ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან სხვა დაცვის სტატუსი.
„სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა. შესაბამისად, არ გაუქმდა სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე და არ მიენიჭა მას აღნიშნული სტატუსი. ჩვენ სასამართლო პროცესზე ვითხოვდით მათ შორის მოწმეების დაკითხვას, რომლებიც ისაუბრებდნენ და დაადასტურებდნენ იმ საფუძვლებს, რომლებიც წარმოადგენს მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას, თუმცა სასამართლომ ამ მოწმეების დაკითხვაზე შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა, უარი გვითხრა“, – თქვა სხდომის დასრულების შემდეგ თემურ ქათამაძის ადვოკატმა.
თემურ ქათამაძის უფლებებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
17 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა წარუდგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრება თემურ ქათამაძის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საქმეზე
ოლიგარქის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელმაც ბათუმის აქციების მედროშეს, თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა, დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ადვოკატმა, მარიამ გაბროშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ საქალაქოს გადაწყვეტილებას სააპელაციო ძალაში დატოვებს, ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების პროცედურა დაიწყება.
“ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას შემდგომ ინსტანციაში, სააპელაციო სასამართლოში ვაპირებთ, რომელიც ამ ტიპის საქმეებისთვის საბოლოოა. თუ მას ლტოლვილის და ჰუმანიტარულ სტატუსს მიანიჭებენ, შესაბამისად, აღარ მოხდება მისი ქვეყნიდან გაძევება და თუ ამჯერადაც უარი იქნება, დაიწყება მისი ქვეყნიდან გაძევების პროცედურები… გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 15-დღიანი ვადა გვაქვს”, – ამბობს მარიამ გაბროშვილი.
შეგახსენებთ თემურ ქათამაძე ამ დავის ფარგლებში ასაჩივრებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რომლითაც უარი უთხრეს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
თემურ ქათამაძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებზე ბათუმში საქართველოს დროშით ხელში იდგა – ჯერ კიდევ „აგენტების კანონის” წინააღმდეგ პროტესტის დროიდან დაწყებული, ბოლო, უწყვეტი აქციების ჩათვლით.
თემურ ქათამაძე თავდაპირველად 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული წესით და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
16 იანვარს იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება- შს სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
მუჰაჯირების შთამომავალი, 56 წლის თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] 48 დღის განმავლობაში შიმშილობდა.
თემურ ქათამაძე ათ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღო. ქათამაძემ 48 დღიანი შიმშილობა 5 მარტს შეწყვიტა.