სასამართლომ ექიმს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ექიმ-ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისათვის დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადეს, რომ 2015 წლის 4 თებერვალს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში, პაციენტს, ჰიდრონეფროზის დიაგნოზით, ჩაუტარდა ოპერაცია და პოსტოპერაციულ პალატაში იმყოფებოდა ანესთეზიოლოგის დაკვირვების ქვეშ. ავადმყოფის მდგომარეობა დამძიმდა წნევის ვარდნის გამო, ანესთეზიოლოგმა კი არ გადაამოწმა ვენა-კათეტერის სწორად დგომა და ისე განახორციელა თერაპია. მოგვიანებით გაწეული დახმარების მიუხედავად, ავადმყოფის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საქალაქო სასამართლოს განცხადებით, კლინიკაში სწორი, დროული და ადეკვატური ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში, სიკვდილის აცილება შესაძლებელი იყო. სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულს 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ასევე დამატებით, 2 წლის ვადით, ჩამოერთვა სამედიცინო საქმიანობის უფლება.