მნიშვნელოვანისიახლეები

სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძეს 9-წლიანი ხოლო მის ბიზნესპარტნიორს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულები – გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო და შესაბამისად, 9 წლითა და 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ირაკლი პაპიაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი ბრალდებულები არიან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, რამაც 1 155 019 ლარის ზიანი გამოიწვია.

საქმის პროკურორის თქმით, სასამართლოს მიერ მოხდა ბრალდების მხრის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გაზიარება, რის საფუძველზეც გამოტანილ იქნა ერთადერთი სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება, გამამტყუნებელი განაჩენი.

„ბრალდებულები ცნობილ იქნენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ფაქტი სახეზეა, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა ბრალდებულების, ახლა უკვე მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული. აღნიშნული წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულს და, შესაბამისად, სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა სამართლებრივად და ამიტომაც იქნა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. საქმეში არსებული თითოეული ფაქტი, გარემოება ადასტურებს, რომ იყო ჩადენილი დანაშაული“, – განაცხადა პროკურორმა.

საქმის პროკურორის განცხადებით, მტკიცებულებებით, მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული, ცალსახად დადასტურდა:

“სასამართლოს მიერ მოხდა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გაზიარება, რის საფუძველზეც გამოტანილი იქნა ერთადერთი სამართლიანი, კანონიერი გადაწყვეტილება – გამამტყუნებელი განაჩენი. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა ბრალდებულების მიერ, ამ შემთხვევაში უკვე მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული”, – აცხადებს პროკურორი გიორგი ჯავარაშვილი.

თავის მხრივ, ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული.

„მოცემული საქმე წარმოადგენდა სამოქალაქო საქმეს, რისი მტკიცებულებებიც წარმოდგენილი იყო დაცვის მხარის მიერ, დასაბუთებული იყო ჩვენი ეს პოზიცია, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არ არის კანონიერი. ჩვენ მას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში და შემდგომ, თუ დაგვჭირდება, სტრასბურგის სასამართლოშიც. პაპიაშვილის ნაწილს რაც შეეხება, ამ საქმეზე არის ერთადერთი ის, რომ ვალის აღიარებაზე აქვს ხელი მოწერილი და გადარიცხული აქვს, თანხა აქვს დაბრუნებული, რაც სამოქალაქო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არის. შესაბამისად, სამოქალაქო საქმეზე დადგა დღეს სისხლის სამართლის სასამართლოში განაჩენი“, – განაცხადა ადვოკატმა.

„შენ ხარ მკვლელი, ამოწყდი“, – განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამ სიტყვებით მიმართა ჩიკვაიძის დედამ მოსამართლე იზა კელენჯერიძეს.
ჩემი შვილისთვის 9-წლიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება არის იუდას გადაწყვეტილება. გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი და მოსამართლე იზა კელენჯერიძე არიან მონაწილეები ჩემი შვილის მკვლელობის მცდელობის. ეს უმძიმესი ავადმყოფი ადამიანი, ეტლს მიჯაჭვული მოიყვანეს აქ, რათა მისთვის ეთქვათ, რომ ცხრა წლით ციხეში გაუშვეს, – ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდებულის, გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მისი შვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა.

ეკა წერეთლის შეფასებით, მისი შვილის მსგავსად, სრულიად უდანაშაულოა ირაკლი პაპიაშვილიც, რომელსაც სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა.

„სასამართლოს დარბაზში ბორკილები დაადეს სრულიად უდანაშაულო ადამიანს, მის თანამშრომელს, ირაკლი პაპიაშვილს. სტუდენტი, კეთილშობილი, აბსოლუტურად პატიოსანი და უდანაშაულო ადამიანი 8 წლით გაუშვეს ციხეში. არავინ არასდროს დამიწყევლია – არ უნდა ეღირსოს არაფერს კარგს არც იზა კელენჯერიძე, არც გიორგი გაბიტაშვილი და არც ბიძინა ივანიშვილის ოჯახი. ამოწყდით „ქოცებო“, – განაცხადა ეკა წერეთელმა.

სასამართლო პროცესს გადაწყვეტილების გამოცხადების დროს შემოუერთდა ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე. სხდომას თავიდანვე ესწრებოდა ირაკლი პაპიაშვილი.

გიორგი ჩიკვაიძის ადვოკატი თემურ ადონია კი, გადაწყვეტილებას “დაუსაბუთებელს და ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულს” უწოდებს:

“აღნიშნული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული, ვინაიდან მოცემული საქმე წარმოადგენდა სამოქალაქო საქმეს, რისი მტკიცებულებებიც წარმოდგენილი იყო დაცვის მხარის მიერ, დასაბუთებული იყო ჩვენი ეს პოზიცია, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არ არის კანონიერი და ჩვენ მას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში”, – აცხადებს გიორგი ჩიკვაიძის ადვოკატი თემურ ადონია.

ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის” ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას – „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.

ჩიკვაიძის საქმე:

გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

გამოძიების ინფორმაციით, შპს „ელთ ბილდინგისთვის” გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას – „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.

გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს და შპს „ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს.

ბრალდების მიხედვით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი “ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს – ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. საბოლოოდ, ირაკლი პაპიაშვილმა კომპანიის ანგარიშზე 147 065 ლარი დააბრუნა, ამის შემდგომ დარჩენილი თანხის გადახდა არ მომხდარა.

გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით წარედგენათ, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button