ანალიტიკამნიშვნელოვანი

სასამართლომ GNCC-ის მორიგი გადაწყვეტილება გააუქმა

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) გადაწყვეტილება გააუქმა.

საქმე ეხება ჩაშლილ კონკურსს “კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად ქ.ბათუმში”, სადაც ჰერეთთან ერთად რადიო “პალიტრაც” მონაწილეობდა.

კახი ბექაური – კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

კომისიის თავმჯდომარემ კახი ბექაურმა გასული წლის 31 აგვისტოს განაცხადა, რომ აღნიშნული კონკურსის ამ სახით გამოცხადება მისი პირადი შეცდომა იყო, რადგან ორი წარმატებული მაუწყებელი არათანაბარ პირობებში ჩააყენა. მან განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა რეგიონული კონტენტისთვის ცალკე კონკურსი გამოცხადებულიყო და ცენტრიდან გავრცობილი სიგნალისთვის, – ცალკე.

 

ახალი კონკურსი კომისიამ იმავე სხდომაზე გამოაცხადა, თუმცა ჩაშლილ კონკურსზე კონკურსანტებს ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები არ ჩაეთვალათ. გარდა ამისა ხელახლა უნდა წარედგინათ ახალი დოკუმენტაცია. 

კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ ორივე კომპპანია წარმატებულია და შესაბამისი კონცეფციები და დოკუმენტები სრულყოფილია. ერთის (პალიტრის) შემთხვევაში კომპანიას სურვილი აქვს მაუწყებლობა განავრცოს ბათუმში, მეორეს (ჰერეთის) შემთხვევაში, კომპანია აპირებს ახალი რადიომაუწყებლობის შექმნას, რაც ცალსახად მისასალმებელია, – განაცხადეს კომისიის წევრებმა.

კენჭისყრაზე, რომელსაც კომისიის 5 წევრიდან 4 ესწრებოდა (კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კომისიის კიდევ ერთი წევრი გიორგი ფრუიძე შვებულებაში იყო), ხმები გაიყო.

“პალიტრას” მხარი დაუჭირა მერაბ ქათამაძემ და ვატო აბაშიძემ, წინააღმდეგ წავიდნენ კახი ბექაური და ელისო ასანიძე; ხოლო ჰერეთის მხარი დაუჭირეს ელისო ასანიძემ და მერაბ ქათამაძემ, წინააღმდეგი წავიდნენ ვატო აბაშიძე და კახი ბექაური, რომლის ხმაც კომისიის წესების მიხედვით, გადამწყვეტია.

“ეს არის პირადად ჩემი და კომისიის ხარვეზი”- განაცხადა ბექაურმა სხდომაზე, რომელსაც ორივე კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დამფუძნებელმა და დირექტორმა რამაზ სამხარაძემ კომისიის წევრებს განუცხადა, რომ ეს იყო არაობიექტური გადაწყვეტილება.

რამაზ სამხარაძე, სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დამფუძნებელი

“პატივცემულო კომისიის წევრებო, თქვენ გაქვთ შესაბამისი პოზიციები და ანაზღაურება იმისთვის, რომ თქვენ თავიდანვე უნდა გაგეთვალისწინებინათ ის ფაქტორები, რა შედეგიც შესაძლოა დამდგარიყო. მეორეც, თქვენ გაქვთ ჩატარებული კვლევა, რომელიც კონკურსს დაედო საფუძვლად, სადაც რადიომსმენელის 56,7 % ადგილობრივი რადიოსადგურის აუცილებლობაზე საუბრობს. ჰერეთის კონცეფცია პირდაპირ ერგებოდა კონკურსის პირობებსა და კვლევას. ჰერეთი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.”

“რადიო ცენტრი პლიუსი” სამაუწყებლო ბაზარზე 1 რადიოსადგურითაა (რადიო პალიტრა FM103.9) წარმოდგენილი და 2008 წლიდან მაუწყებლობს. პალიტრის წარმომადგენლებმა ბათუმში კომისიის ახალ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს და მაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვეს.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი 20 წელია მედიაბაზარზე. 1998 წლიდან არის ეთერში და ფლობს 3 რადიოს: ჰერეთს 102.8, თბილისს FM93.5 და ინტერნეტ რადიოს – RelaxWebRadio – ს.

ჰერეთი რადიო “ბათუმის” გაშვებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

წინა ხელისუფლების პირობებში, ჰერეთმა “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას”, ასევე სასამართლო გზით, მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა მოუგო. მაშინ კომპანია კომისიას თბილისში ლიცენზიის არაკანონიერად გაცემას ედავებოდა. ჰერეთის ინტერესებს ორივე შემთხვევაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button