მნიშვნელოვანისიახლეები

სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულები ექიმი, გიორგი ახობაძე და ჟურნალისტი ნიკუშა კაცია პატიმრტობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა.

პროცესს ესწრებოდა ბრალდებული გიორგი ახობაძეც, მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს “სპექტაკლს” უწოდებს, რადგან მისივე თქმით, მას ნარკოტიკები ჩაუდეს.
“თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ეგ რაღაც, რასაც მაბრალებენ, ჩემ ჯიბეში მე არ მომითავსებია, მათ მოათავსეს. ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ვარ და ვმუშაობდი შესაბამისი მიმართულებით, ბოლო ერთ წლამდე, სანამ დედაჩემს დასჭირდებოდა ჩემი მზრუნველობა, ბოლო ერთი წელი ვუვლიდი ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტს”,- თქვა ახობაძემ.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ახობაძის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, არგუმენტად კი დაასახელა ის, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობს მათ შორის, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატების თქმით, ბრალდების მხარემ ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიპოვა იმისა, რომ გიორგი ახობაძემ ნარკოტიკული საშუალება ვინმესგან შეიძინა. შესაბამისად, მათი თქმით, ამ მხრივ, ბრალის მტკიცებულება არ არსებობს.

ასევე არ არსებობს ახობაძის საზღვრის კვეთისა და მიმალვის არანაირი საფრთხე. ამასთან, დაცვის მხარემა არაერთი შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ არცერთი არ დააკმაყოფილა და ახობაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატების თქმით, გიორგი ახობაძის მხარდასაჭერად სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა 1212 ხელმოწერა არსებობს.

თავად ბრალდებული, გიორგი ახობაძის თქმით კი, მის მიერ საზღვრის კვეთა პროფესიულ მოვალეობას უკავშირდება – მაშინ, როცა ეს პაციენტებს სჭირდებოდათ და ეკონტაქტებოდა თავის კოლეგებს.

სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა გიორგი ახობაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა მარიამ მაძღარაშვილმა.

„ვითხოვდით, რომ მტკიცებულებები, რომელიც კანონის არსებითი დარღვევით და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ იყო მოპოვებული მოსამართლეს უკანონოდ ეცნო. თუმცა, არ დაგვიკმაყოფილა და თქვა, რომ ეს იყო არსებითი განხილვის მოსამართლის სხდომის გადასაწყვეტი, რაშიც არ ვეთანხმებით და ვფიქრობთ, რომ ამით მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. შემდეგ იყო პატიმრობის გაუქმებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა, რაზეც მყარი პოზიციები გვქონდა, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც გადაწყვიტა, რომ პატიმრობა ძალაში უნდა დატოვოს და გიორგი ახობაძე არ გამოუშვას საპყრობილიდან. ასევე, ვითხოვდით შეეწყვიტა სისხლის სამართლებრივი დევნა გიორგის მიმართ და საქმე არ გადაცემულიყო არსებით განსახილველად და ესეც არ დაგვიკმაყოფილა. როგორც მოსამართლემ განმარტა, ის ფიქრობს, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება”,- განაცხადა მარიამ მაძღარაშვილი.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 2024 წლის 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკუშა კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო.
მოსამართლე ნინო თარაშვილმა პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა და პროკურორის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

მისი განმარტებით, საქმეში რაიმე ახალი გარემოება, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების საფუძველი იქნებოდა, არ არის წარმოდგენილი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და მოსამართლემ ყველა მათგანი საქმეს დაურთო. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.

ამასთან, საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის აცილება მოითხოვა, თუმცა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პროკურორი ნუგარ ჭიტაძის თქმით, საქმეზე ახალი გარემოება არ არის გამოვლენილი, რაც აღკვეთის ღონისძიების გაუქმების ან შეცვლის საფუძველი იქნებოდა. პროკურორი ბრალდებულის მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებზე საუბრობდა. ამასთან, აღნიშნა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკებთან ხელი მარტივად მიუწვდება.

ამ პოზიციას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და როგორც ადვოკატმა ნინო ლომინაძემ აღნიშნა, კაციას პატიმრობაში დატოვების საფუძვლები არ არსებობს. ამასთან, ადვოკატი აცხადებდა, რომ კაცია წარსულში ნასამართლევი არ არის.

მოსამართლის კითხვაზე, ცნობდა თუ არა ის თავს დამნაშავედ, კაციამ უარყოფითი პასუხი გასცა.

„არც ერთ შემთხვევაში… ნუ განმიმარტავთ, რადგან უდანაშაულო ვარ”,- განაცხადა კაციამ.

ცნობისთვის, 2024 წლის 7 დეკემბერს ნიკა კაცია დააკავეს ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button