სასამართლომ „ტვ პირველის“ ოპერატორი 2500 ლარით დააჯარიმა

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სანქცირებულმა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჯიოშვილი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.
ჯიოშვილს შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევაში ედავებოდა, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
პროცესზე დაიკითხნენ პოლიციელები და ჯიოშვილთან ერთად მყოფი აქციის მონაწილეები. როგორც პოლიციელებმა განაცხადეს, აღნიშნული პირები 18 თებერვალს საეჭვოდ გადაადგილდებოდნენ, იფიქრეს, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენდნენ და შეაჩერეს. მათი თქმით, ლაშა ჯიოშვილმა აგრესია გამოხატა და არ დაემორჩილა მათ, რის შემდეგაც დააკავეს.
ლაშა ჯიოშვილი დაკავებას საპროტესტო პლაკატს უკავშირებს, რომელიც მას ხელში ეკავა.
მისი თქმით, მეგობართან ერთად იმყოფებოდა, არაფერი დაურღვევია და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს. მისი თქმით, ამ ადამიანებს პოლიციის საიდენტიფიკაციო ფორმა არ ეცვათ. ჯიოშვილის ვარაუდით, მოქალაქეებს დაკავების ადგილას ვიდეოგადაღება რომ არ დაეწყოთ, ნარკოტიკებს ჩაუდებდნენ.
“ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ. გავასაჩივრებ. ამ პოლიციელებს კიდევ ვატარებ. მოსამართლეს გამოვააშკარავებ და ვანახებ ყველას, რომ ეს ადამიანები ცრუობენ. მოვა მათი პასუხისმგებლობის დროც.
რაც შეეხება მოწმე პოლიციელებს, მეორე რომელიც შემოვიდა, ჩემი დამკავებელი კი არა, საერთოდ იქ არც ყოფილა. ის ადამიანი მე რუსთაველზე დავინახე, სამოქალაქო ფორმით დადიოდა რუსთაველის გამზირზე. მანქანაში პირველი მოწმე, კი ბატონო. თვალები დასამახსოვრებელი აქვს და მეჯდა გვერდით….
დარწმუნებული ვარ, მე რომ ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობა არ მქონოდა და სამოქალაქო აქტივისტი ვყოფილიყავი, გადამაყლაპებდნენ იმ პლაკატს. სპეციალურად დავიწყე კივილი თავიდანვე იმის, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი ვიყავი. ამის მერე დაიბნენ ეს ადამიანები.
პოლიციელებმა მითხრეს, რომ სთორზე მოგისწრია დადებაო. ანუ, პოლიციელებს ნანახი ჰქონდათ ჩემი სთორი, ბოლომდე გადამაკონტროლეს. დამიკონკრეტეს, რომ ადვილი ამოსაცნობი ხარ და სხვა დროსაც ადვილად ამოგიცნობთ ამითო. დროშაზეა საუბარი. მე ვუთხარი, აწი ვეცდები, როგორც კალაძემ თქვა, სწრაფ-სწრაფად გამოვიცვალო, რომ მერე ვერ მიცნონ, იქ რომ გავივლი. ამის შემდეგ ისევ მივალ აქციაზე. ოღონდ მანქანამდე ლაივით უნდა ვიარო” – განუცხადა ჯიოშვილმა “ტვ პირველს” სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ის არ დაეყრდნო ნეიტრალურ მტკიცებულებას, ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ პოლიციის ფორმა ადამიანებს არ აცვიათ და ჯიოშვილი
მათ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს. ადვოკატების თქმით, მოსამართლემ მხოლოდ პოლიციელების ცრუ ჩვენებები გაითვალისწინა.
19 თებერვლის ღამეს, TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს. შემთხვევა ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ოპერატორს მანქანაში ძალის გამოყენებით სვამენ.
რამდენიმე საათის განმავლობაში ჯიოშვილის ადგილსამყოფელი უცნობი იყო. მოგვიანებით, ადვოკატებმა არაერთი მცდელობის შემდეგ გაარკვიეს, რომ ჯიოშვილი ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი.
ლაშა ჯიოშვილი ელბაქიძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით იმ დროს გაიტაცეს, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. არსებობს ვარაუდი, რომ პოლიცია ოპერატორისთვის ნარკოტიკების ჩადებას ცდილობდა, რადგან ვიდეოში ლაშა ჯიოშვილი ამბობს, რომ “ჯიბეში რაღაც ჩაუდეს
ლაშა ჯიოშვილი 18 თებერვალს დააკავეს.
18 თებერვალს, – ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს, – ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა რუსთაველის გამზირზე. დაკავებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, ლაშა ჯიოშვილმა მედიას უთხრა:
„ის, რაც დღეს ხდება, არის საშინელება, შეუძლიათ, ამ ბანერის გამო აქ დამაკავონ არჩადენილ დანაშაულზე“.
მას აქციაზე მიტანილი ჰქონდა ბანერი წარწერით: „დღეს ყველა ვთანხმდებით პრეზერვატივის მნიშვნელობაზე“.
ადვოკატის ინფორმაციით, გამოვლინდა არაერთი პროცედურული დარღვევა შსს-ის მხრიდან:
„უფლებები არ გააცნეს;
სამმართველოში მიყვანამდე არ იცოდა, რატომ იყო დაკავებული და ვის მიერ;
არ დაარეკინეს ადვოკატთან ან/და ოჯახთან;
მოსთხოვეს ტელეფონის გახსნა“.
თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დააფიქსირა ოქმში, რომ სამართალდამცავების მიერ ლაშას მისამართით იყო მუქარა.
„დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა“, – განაცხადა ადვოკატმა 19 თებერვალს.