საშობაოდ უკრაინაში კვლავ გამნგაშის ხმა ისმის

რუსეთის მიერ გამოცხადებული “საშობაო ზავის” მიუხედავად, 6 იანვარს მთელს უკრაინაში საჰაერო განგაში იყო. უკრაინის პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ოკუპანტებმა ხერსონში სახანძრო სადგური დაბომბეს.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის სიტყვები არასდროს უნდა იქნას მიღებული სერიოზულად.
“6 იანვარი – საჰაერო განგაში უკრაინის მასშტაბით. ბავშვები ისევ ცივ თავშესაფრებში არიან. ხერსონში სახანძრო სადგური დაიბომბა. ეს არის “რუსული ზავის” არსი: ზურგში დარტყმა, დუმილის იმიტაცია. ასე რომ, “არასდროს”, არასდროს მიიღოთ რუსეთის სიტყვები სერიოზულად. ეს ყოველთვის პრიმიტიული და ცინიკური ტყუილია”, – აცხადებს პოდოლიაკი.
გუშინ რუსეთის პატრიარქი “საშობაო ზავის” ინიციატივით გამოვიდა, რის შემდეგაც ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.
პუტინის განკარგულებით, ცეცხლის შეწყვეტა 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება.
რუსეთის არმიამ გააგრძელა შეტევები ბახმუტისა და ლიმანის არეალებში, იუწყებოდა უკრაინის არმია 6 იანვრის დილას, რამდენიმე საათით ადრე მანამ, სანამ უნდა ამოქმედებულიყო 36-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობა, რომელიც კრემლმა საშობაოდ გამოაცხადა, თუმცა კიევმა უარყო.
უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსეთის სამხედროები “ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას ცდილობენ” ბახმუტთან და ლიმანთან, თუმცა “წარუმატებლად”.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა მოწოდებით, რომ “ცეცხლის შეწყვეტა” ამოქმედებულიყო 6 იანვრის დილას და გაგრძელებულიყო 7 იანვრის შუაღამემდე, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დასავლეთის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ეს მოწოდება უარყვეს. მათ განაცხადეს, რომ რუსეთი ამ პერიოდს გამოიყენებდა ბრძოლის ველზე საკუთარი პოზიციების გასაუმჯობესებლად.
“მსოფლიოში ყველამ იცის, რომ ომში პაუზას კრემლი იყენებს ომის განახლებული ძალით გასაგრძელებლად”, – თქვა ზელენსკიმ 5 იანვრის ვიდეომიმართვაში.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, პუტინი “ცდილობს, გარკვეული ჟანგბადი მოიპოვოს” ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებით. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ტვიტერით დაწერა, რომ ცეცხლის შეწყვეტა “არც თავისუფლებას და არც უსაფრთხოებას არ მოუტანს ადამიანებს, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურ შიშში ცხოვრობენ”.