საშვის რიგი ქუთაისის მერიასთან
დღეს დილიდან რიგები იყო ქუთაისის მერიასთან. სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის დასამუშავებლად, ათეულობით ადამიანი საშვის მიღებას ცდილობდა.
მათი თქმით, რიგში დიდი ხნით დგომა უწევთ და ადგილობრივი ხელისუფლებას უყურადღებობას იჩენს. ერთ-ერთია თენგიზ სარალიძე, რომელიც საკუთარ სოფელში წასასვლელად, რიგში საათობით იდგა.
“წყალტუბოში, გვიშტიბში მაქვს სოფელი და უნდა წავიდე, რომ მივხედო. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, რომელსაც ვეკუთვნი, მივედი და მითხრეს, ქუთაისის მერიამ უნდა მოგცეს საშვიო. ვიცდი ახლა, 3 საათი გავიდა და 50 კაცია სულ შესული. საღამოს თუ მომიწია, კაი იქნება. დავრწმუნდი, რომ უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობ. ისეც არ იძლევიანო ეგრევე საშვებს, ჯერ უნდა ჩაგწერენო”, – ამბობს თენგიზ სარალიძე.
მოსახლეობის პროტესტს ადგილზე გამოეხმაურა პარტია “თავისუფალი საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაცია. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სახელმწიფო პრობლემებს თავად ქმნის.
“2 ადამიანი უზით და 150 ადამიანზე მეტი დგას რიგში. 4-5 დღე ანდომებენ ერთი საშვის განხილვას. ეს არის ბიუროკრატიული მექანიზმი. შევარდნაძის დროინდელი საპასპორტოს რიგები გამახსენდა, როცა ადამიანები სიებით იყვნენ რიგში. ქუთაისის მერიაში მუშაობს 4 000 ადამიანი. გამოიყვანონ ეს ადამიანები, საკუთარი პარტიული აქტივისტები, რომლებზეც 38 მილიონი იხარჯება ქუთაისის ბიუჯეტიდან და ამ ვითარებაში მაინც გამოიყენონ”. – ამბობს გიგა შუშანია.
იმერეთში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების მიზნით, მოქალაქეებს უფლება აქვთ, დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე და საღამოს 18:00-დან 19:0-მდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. თუმცა, ამისთვის მათ საშვი სჭირდებათ, რომლის მისაღებადაც გრძელ რიგში უწევთ დგომა.
წყარო: “ქუთაისიპოსტი”