მნიშვნელოვანირეგიონი

სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით, მოსწავლეთა მშობლების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა./

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით, მოსწავლეთა მშობლების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
მშობლების ერთი ნაწილი ექსკურსიაზე 150 კილომეტრამდე მანძილის შეზღუდვას არ ეთანხმება.

“ჩემი შვილი მესამე კლასშია. აქედან, ორი წელი, პანდემიის პირობებში,თითქმის თანაკლასელების გარეშე და აქტივობების შეზღუდვის პირობებში გაატარა. ორი წელი ცოტა ხომ არ არის? თუ ყველა წესს დავიცავთ, ცოტა შორს რატომ ვერ წავალთ? ან 150 კილომეტრზე არ შეიძლება რამე შეგემთხვას, თუ უსაფრთხოების წესებს არ იცავ?”-ამბობს ერთ-ერთი მშობელი რადიო ჰერეთთან.

” ექსკურსიები ბავშვების ერთმანეთთან დაახლოებას უწყობს ხელს. პანდემიის გამო, ბავშვები ისედაც კინაღამ ასოციალურები გახდნენ. ექსკურსია მხოლოდ გართობა ხომ არ არის, შემეცნებითი უნარების განვითარება, ქვეყნის კულტურის გაცნობაა.ამიტომ უსაფრთხოების დაცვით, ყველაფერიც უნდა ნახონ”- ამბობენ მშობლები.
პედაგოგები თვლიან, რომ მოსწავლეების ექსკურსიაზე წაყვანა, ისედაც დიდი პასუხისმგებლობაა.

” ბავშვების უსაფრთხოებაზე ისედაც ვზრუნავთ და ვიცით, რომ თითოეულის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა გვაკისრია. სიმართლე გითხრათ, ისეთი დაღლილები ვბრუნდებით, ადვილი არ არის სათითაო ბავშვის გარე სივრცეში კონტროლი. მაგრამ ექსკურსია მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და მისი სიკეთე ფარავს ჩვენს დაღლილობას”- ამბობს თელავის მეცხრე საჯარო სკოლის პედაგოგი.
სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეკომენდაციები, განათლების სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ შეიმუშავა.
რეკომენდაციების შესაბამისად, ექსკურსიის ხელმძღვანელი პასუხისმგებელიამოსწავლეთა უსაფრთხოებაზე.
მან სკოლის დირექტორს ექსკურსიამდე არანაკლებ 10 დღით ადრე, უნდა წარუდგინოს ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მძღოლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი კატეგორიის ავტომანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ინფორმაცია ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ.
სკოლის დირექტორს შეუძლია ნება დართოს, ან უარი თქვას ექსკურსიის მოწყობაზე.
ექსკურსია უნდა განხორციელდეს ღამისთევის გარეშე და მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე არ უნდა აღემატებოდეს 150 კმ-ს.

ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე.
ექსკურსიის ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მოსწავლის მშობლის წერილობითი თანხმობა ექსკურსიაში მოსწავლის მონაწილეობის შესახებ, თუ მოსწავლის წარმომადგენელი არ ახლავს მას ექსკურსიაზე.

ექსკურსიას უნდა ესწრებოდეს პირი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეუძლია.
ექსკურსიაზე ტრასპორტირება უნდა განხორციელდეს იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც გავლილი აქვს ტექდათვალიერება და მას შესაბამისი გამოცდილებისა და სათანადო კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლი უნდა მართავდეს.
სატრანსპორტო საშუალებაში უნდა იყოს განთავსებული პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა.

პანდემიის პირობებში, ექსკურსიის მონაწილეებმა ყველა რეგულაცია უნდა დაიცვან.

მსგავსი პოსტები

Back to top button