სასწრაფო დახმარების მანქანა ავარიაში მოყვა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ავარიაში მოყვა. დაშავებულები ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა 15:00 საათზე მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, რომელსაც მძიმე ავადმყოფი სოფელ საძელიდან კლინიკაში გადაჰყავდა, ჯერ მსუბუქ მანქანას, შემდეგ კი, ხეს შეეჯახა.
“სირენები მქონდა ჩართული, ზემოდან უეცრად გამომივარდა მანქანა, ვერ დავიმროჩილე საჭე და ხეს შევეჯახე. პაციენტი მეორე სასწრაფომ გადაიყვანა. ექიმია დაშავებული.” – ამბობს “სამხრეთის კარიბჭესთან” სასწრაფოს მძღოლი დავით წიქარიშვილი.
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ორი დაშავებული შეიყვანეს. შეჯახების შედეგად, პაციენტი და ექიმი დაშავდნენ.
“ჩაუტარდათ გამოკვლევები, მათი მდგომარეობა სტაბილურია. მომდევნო 24 საათი სტაციონარში იქნებიან დაკვირვების ქვეშ. შემდეგ გავწერთ კლინიკიდან.” – განაცხადეს ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო–სამაშველო სამსახურის და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.