საჭადრაკო კლუბი “ნონა” ევროპის ჩემპიონია
მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დასრულებულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ჭადრაკში, ჩემპიონის ტიტული საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებით დაკომპლექტებულმა კლუბმა “ნონამ” მოიპოვა.
ქართველმა მოჭადრაკეებმა შვეიცარიული სისტემით გამართულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, სადაც 12 კლუბი მონაწილეობდა, 7 ტურში ყველა შეხვედრაში გაიმარჯვეს და ქულათა მაქსიმუმი – 14 ქულა მოაგროვეს.
ბოლო, მე-7 ტურში “ნონამ” ბელორუსიის კლუბი “ბოსა ნოვა” 3:1 დაამარცხა, მანამდე კი ქართველმა ქალებმა იტალიის, რუსეთის, მაკედონიისა და ჰოლანდიის კლუბები დაამარცხეს. ევროპის ჩემპიონატზე მე-2 ადგილი მაკედონიის გუნდმა “გამბიტმა” დაიკავა, მე-3 ადგილზე კი რუსეთის წარმომადგენელი “უგრა” გავიდა.
აღსანიშნავია, რომ “ნონა” ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული. გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ ამ გამარჯვებით, ჩვენმა “ოქროს” გუნდმა ზედიზედ მე-15 მატჩი მოიგო, თუ მსოფლიო ჩემპიონატში მოგებულ შეხვედებსაც გავითვალისწინებთ.
“ნონა” ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით თამაშობდა – ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი და მირანდა მიქაძე. მწვრთნელი – დავით ჯოჯუა, კაპიტანი – მარიკა ჯაფარიძე.