სატენდერო კომისიის კომპეტენცია გორში

გორის მერიის სატენდერო კომისია მორგ სკანდალში გაეხვა. მას ხელშეკრულების დადება გადააფიქრებინეს იმ კომპანიასთან, რომელიც გამარჯვებულად გამოაცხადა.
საქმე ეხება გამარჯვებულად გამოცხადებულ შპს ,,ანბას”, რომელსაც სოფელ ვარიანში სახურავის რეაბილიტაცია უნდა განეხორციელებინა. ,,ანბას” კონკურენტმა კომპანიამ მერიას დაუმტკიცა, რომ გამარჯვებულის გამოვლენა კანონდარღვევით მოხდა.
2020 წლის 24 აპრილს, გორის მერიის სატენდერო კომისიის 7 წევრი შეიკრიბა და დაადგინდა, რომ ,,ანბას” დოკუმენტაცია სატენდერო მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, მისი დირექტორი კი, ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვიეს.
5 დღეში ეს გადაწყვეტილება სხვა კომპანიამ, ,,ნიუ სითმა” გაასაჩივრა. როგორც საჩივრის ავტორი შესყიდვების სააგენტოს ატყობინებს, მერია ისე დებს ხელშეკრულებას ,,ანბასთან”, რომ გეგმა გრაფიკი არაა მითითებული:
,,სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, შპს “ანბა”-ს დაევალა გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა. გეგმა-გრაფიკი შეიცავს ხარვეზებს. მაგალითად, 1 თვეში შესასრულებელი თანხის ჯამი გაურკვეველია, რითაც შეიძლობა ისარგებლოს და არაკეთილსინდისიერად გამოყენოს არსებული მდგომარეობა და თავიდან აიცილოს გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციები”. – აღნიშნავს კომპანია ,,ნიუ სითის” წარმომადგენელი.
საჩივარი 2020 წლის 13 მაისს, შესყიდვების სააგენტოში განიხილეს. სააგენტოს გადაწყვეტილებით, გორის მერიას ,,ანბასთან” დაკავშირებული დოკუმენტების გადახედვა დაევალა. იმავე დღეს, გორის მერიის სატენდერო კომისიის 7 წევრი კვლავ შეიკრიბა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ 24 აპრილს მათ მიერვე მიღებული გადაწყვეტილება ,,არასწორი იყო”.
,,ამ კომისიას მხოლოდ ერთი კაცი [ტარიელ მეტრეველი] მართავს. თუ ის იტყვის, რომ მოდი გადავხტეთ ხევში, დანარჩენებიც გადახტებიან. ცხვრის ფარასავით არიან”. – აცხადებდა კომპანია ,,გიორგი ჯინოს” წარმომადგენელი გიორგი ჯინიოზაშვილი, რომელმაც გორის მერიასთან რამდენიმე სასამართლო დავა აწარმოა. იგი Qartli.ge-სთან ამ თემაზე ჯერ კიდევ 2019 წელს საუბრობდა.
კომისიის შემადგენლობა მას შემდეგ არ შეცვლილა.