საწვავის ფასის გასაპროტესტებლად თელაველი მძღოლები ხალხმრავალი აქციისთვის ემზადებიან
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/03/sawvavis-fasi.jpg)
საწვავის ფასის მატებასთან დაკავშირებით, თელავში აქცია გაიმართება. ხალხმრავალი შეკრებისათვის მძღოლებმა მოწოდებების გავრცელება უკვე დაიწყეს.
მიმართვები, ავტომობილების მფლობელების ქუჩებში გამოსასვლელად, სოციალურ ქსელშიც ვრცელდება.
,,ბენზინის ფასს ვაპროტესტებთ, გავიაზროთ, რას გვიკეთებენ. მალე 1 ლიტრი საწვავი 5 ლარი ეღირება. 21 მარტს, 13:00 საათზე, ერეკლეს ძეგლთან ვიკრიბებით არსებული სიტუაციის გასაპროტესტებლად”,- აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვახტანგ მედოლიშვილი.
საწვავის ფასი თელავში უკვე რამდენჯერმე გაიზარდა. ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე, ის 15- 20 თეთრით, ხოლო არაბრენდირებულ სადგურებზე, 50- 55 თეთრით არის მომატებული.
საწვავის რეალიზატორები, ფასის ასეთ მატებას, მომწოდებლის მიერ მომატებული საფასურით ხსნიან.
კორონა ვირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, საწვავის ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლო და მისი ღირებულება 1. 65 თეთრამდეც კი ჩამოვიდა.
დღევანდელი მდგომარეობით, 1 ლიტრი ბენზინი 2. 28- 2. 89 ლარია.