მნიშვნელოვანისიახლეები

საზღვრის კვეთის საქმე – სააკაშვილი პროცესს არ დაესწრება

საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა მას მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საქალაქო სასამართლოში ვერ მივა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხვალ ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს.
ერთადერთი, რის გამოც აუცილებლად მინდოდა მოსვლა, იყო იმ ადამიანების გამხნევება და მხარდაჭერა, რომლებიც რამდენიმე თვეა იჩაგრებიან ჩემ გამო.
ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს!”- დაწერა სააკაშვილმა.

ქართულმა მხარემ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო.

საქმეზე სააკაშვილთან ერთად 4 პირია დაკავებული – მათ შორის ელგუჯა ცომაია. შოთაძის უწყების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი ცომაიას კუთვნილი ტრაილერით შემოვიდა საქართველოში.

სააკაშვილის დახმარებისთვის ბრალდებულები არიან ასევე მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე, საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.

უფლებადამცველის თქმით, მესამე პრეზიდენტს იმის გამო ასამართლებენ, რომ სამშობლოში დაბრუნდა.

სააკაშვილის პატიმრობას კი მმართველი გუნდიდან ეხმაურებიან

ხელისუფლებამ პატიმარი როგორ უნდა გაათავისუფლოს?! “ქართული ოცნება” პატიმრის ციხიდან გათავისუფლების არანაირ სამართლებრივ ბერკეტებს არ ფლობს! – ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე დასმულ კითხვას.

მაჭარაშვილი იმასაც ამბობს, რომ ქვეყანაში კრიზისს ვერავინ ხედავს, ხოლო კრიზისი არის “ნაციონალურ მოძრაობაში” და ნაწილობრივ ოპოზიციაში.

“სახელმწიფო დგას ძალიან მყარად. მათ შორის საგარეო კურსი მკვთრად არის გამოკვეთილი და პარტნიორები მხარს გვიჭერენ. ადეკვატური ნაბიჯებია გადადგმული ქვეყნის შიგნით არსებულ გამოწვევებზე. არის ნორმალური პოლიტიკური პროცესი. კრიზისი არის ოპოზიციის რადიკალურ ფრთაში და მიხედონ ამ კრიზისს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს არაფერი არ აქვს სათქმელი სასამართლო სხდომაზე, რა უნდა თქვას – არაჟნებთან ერთად როგორ შემოიპარა?!- ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სააკაშვილის  განცხადებას, რომ ის სასამართლო პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება.

მისი თქმით, ის ფორმა, როგორც ის საქართველოში ჩამოვიდა, მისი მხარდამჭერებისთვისაც მიუღებელია და ამიტომ თქვა სააკაშვილმა პროცესში მინაწილეობაზე უარი.

გახსოვთ ატეხილი უსაფუძვლო აჟიოტაჟი, რომ მიხეილ სააკაშვილს ეზღუდებოდა სასამართლო სხდომებში მონაწილეობა, არანაირად არ ეზღუდებოდა, სრული შესაძლებლობა ჰქონდა დისტანციურად მიეღო მონაწილეობა და მან ამაზე უარი თქვა, ახლა, როცა შესაბამისი პირობების გათვალისწინებით, უსაფრთხოების საკითხები აღარ არის სიმკვეთრით სახეზე და შეიძლება დაესწროს სხდომას, ეს ადამიანი უარს ამბობს. როგორც ჩანს ხვდებიან, კაცი რომ ამ ფორმით შემოიპარა ეს ხომ შეურაცხმყოფელი იყო თვით “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებისთვის, როგორც ჩანს, მას არაფერი არ აქვს სათქმელი სხდომაზე, რა უნდა თქვას – არაჟნებთან ერთად როგორ შემოიპარა?! ის უკვე გავიგეთ, რომ მერაბიშვილს ადებს ხელს, ისურვებდა საბრალდებო სკამზე საკუთარი ყოფილი მეუღლე ეხილა, ეს გაიგო საზოგადოებამ, ახლა სხდომაზე უნდა ეთქვა, რომ არაჟნებთან ერთად მხდალად შემოიპარა და ეს მისი მხარდამჭერებისთვის არის მიუღებელი, ამიტომ ამის თქმა და გაჟღერება აღარ სურს,“- განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან შერიგების ინიციატივის გახმოვანება ცინიზმია და მათ შერიგება ასიათასობით მოქალაქეს უნდა სთხოვონ, ვინც მათი მმართველობის შედეგად გახდა მსხვერპლი თუ დაზარალებული.

“პატიება და შერიგება ჯერ ამ ადამიანებს სთხოვონ, მანამდე მორალური უფლება არ გვაქვს, ვისაუბროთ შერიგებაზე. შერიგების მსურველი საზღვრის უკანონო კვეთით, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მიზნით არ იპარება.მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული, მან თავად გადაწყვიტა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო და კარგად იცოდა, რომ კანონი აღსრულდებოდა. თუმცა, ცინიზმით გამოირჩეოდნენ, რომ “ქართული ოცნება” უსუსურია, მელიას და სააკაშვილს ვერ დააკავებდნენ, მაგრამ კანონი აღსრულდა და გამოჩნდა, ვინ არის მხდალი და ვინ ასრულებს კანონებს ქვეყანაში. ამ სცენარის ავტორებს სურთ,”- განაცხადა ოხანაშვილმა.

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად მივიდა.

მიხეილ სააკაშვილი პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარია – ამის შესახებ გორის ჰოსპიტალთან, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა.

რთული პერიოდია, 60 დღეა ადამიანი გისოსებს მიღმაა. რაც მის მიმართ ხორციელდება ეს პოლიტიკური მართლმსაჯულება და პირადი ანგარიშსწორება”- განაცხადა ვარშალომიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button