მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლავროვი პუტინის ნაცვლად-პუტინი G20-ის სამიტს არ დაესწრება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ გაემგზავრება ინდონეზიაში, რომელიც მომავალ კვირაში უმასპინძლებს „დიდი ოცეულის“(G20) წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტს. პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა დღეს, 10 ნოემბერს, სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ რუსეთს სამიტზე წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
“გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს G20-ის სამიტზე სერგეი ლავროვი წარადგენს”, – თქვა პესკოვმა.

ამავე დროს, კვლავ არის შესაძლებელი, რომ პუტინი სამიტში ვირტუალურად ჩაერთვება, განაცხადა ინდონეზიაში რუსეთის საელჩოს პრესატაშემ.

პუტინს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი შეუერთდება თუ არა ერთ-ერთ შეხვედრას ონლაინ ფორმატში.
“ვლადიმირ პუტინის მონაწილეობის ფორმატი დგინდება. შესაძლოა, მან მონაწილეობა ვიდეო-ფორმატში მიიღოს”, – თქვა ალექსანდრ ტუმაიკინმა.
სამიტის მასპინძელი ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ 9 ნოემბერს არ გამორიცხა სამიტში პუტინის ონლაინ მონაწილეობა. ინდონეზიაში რუსეთის საელჩოში ტელეკომპანია CNN-ს განუცხადეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

მანამდე მედია წერდა, რომ მოგზაურობის გაუქმების გადაწყვეტილების მიზეზი კრემლში არსებული შიში იყო, რომ დასავლელი ლიდერები პუტინს მოერიდებოდნენ, თავს აარიდებდნენ ან დაუპირისპირდებოდნენ უკრაინაში ომის გამო.

ღონისძიების წინ, დასავლეთის ქვეყნებმა და უკრაინამ მოახდინეს ზეწოლა ინდონეზიაზე, G20-ის სამიტის მასპინძელზე, რომ გააძლიეროს მოსკოვის ქმედებების დაგმობა, ასევე, მოუწოდეს სამიტზე პუტინის მიწვევა გაეუქმებინა.
„დიდი ოცეულის“ სამიტზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეებს ონლაინ მიმართავს. 3 ნოემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტში მონაწილეობაზე უარს იტყვის, თუ მას პრეზიდენტი პუტინი დაესწრება.

“დიდი ოცეულის” წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება ინდონეზიის კუნძულ ბალიზე. G20-ის შემადგენლობაში არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, ჩინეთი, მექსიკა, რუსეთი, თურქეთი, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი და ევროკავშირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button