მნიშვნელოვანისიახლეები

საზოგადოებაზე მიმდინარეობს შანტაჟი და მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა „ყველაზე გაბედული ვართ „ხალხის ძალა“ და ყოველთვის სიმართლეს ვამბობთ-ოცნება ოპოზიციის ერთიან დეკლარაციაზე

ეს არის ფანჩატური ორი, ოღონდ მადამ პრეზიდენტის თავმჯდომარეობით. დაავიწყდათ, ნათელაშვილის ფანჩატურში დილიდან საღამომდე რომ ყელს იღერებდნენ. შალიკო, არ გიფასებენ ძმაო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას კითხვა დაუსვეს ექვსი ოპოზიციური პარტიის მიერ ბრიუსელში ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერის შესახებ.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, კარგი პროცესი მიმდინარეობს, რადგან საზოგადოებას 26 ოქტომბერს არჩევანის გაკეთება გაუმარტივდება.
„ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ეს არის ფანჩატური ორი, ოღონდ მადამ პრეზიდენტის თავმჯდომარეობით და მისი პატრონაჟით. შალიკო წარსულია, შალიკო გვერდზე გაწიეს, ახლა არ ახსოვთ შალიკო და დაავიწყდათ, მის ფანჩატურში დილიდან საღამომდე რომ ყელს იღერებდნენ. შალიკო, არ გიფასებენ, ძმაო.
რაც შეეხება ფანჩატურ ორს, „დროა“, რომელიც დღემდე რუსული ფულით ფინანსდება და მისი ოჯახი, ჩახდილები – „გირჩი“ და მისი მიმდევრები, ჯაფარიძე, პლუს „ლელო“, რომელიც „ნაცმოძრაობის“ დროს აღზევდა, კიდევ უფრო მეტად ხაზარაძე, საპროცესო გარიგებებს რომ უფორმებდნენ ბანკში ღამის საათებში, კუდ-ის და სოდ-ის ოფისებში – რა არის აქ გასაერთიანებელი, ისედაც ერთიანი არ იყვნენ? ვის ატყუებენ, „ნაცები“ ხომ „ნაცები“ არიან? ერთადერთი მადამ პრეზიდენტი – მესიჯი მოვიდა პატრონებისგან, რომ ამ რადიკალების პლატფორმას უნდა უხელმძღვანელოს. ამას ასრულებს ის ქალი, თორემ რომელიმე მახასიათებელი ჰქონდათ განსხვავებული? თავიდან ბოლომდე ყველა არის „ნაცი“ ან ნეონაცი, მორჩა.
ძალიან კარგი პროცესია იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არიან ესენი. ერთი-ორი პარტია დააკლდათ, ისინიც გაერთიანდებიან და ეგ არის, 2024 წლის ოქტომბერში მარტივი არჩევანის გასაკეთებელი მოცემულობა გვექნება – იქით იქნებიან რადიკალები, ლუზერები, ჩახდილები, გამყიდველები, გაკოტრებულები, რუსეთის ინტერესების გამტარებლები, ქართულ ჯარს რომ დააბრალეს ომის წამოწყება და შემდეგ რომ მიატოვეს. ესენი იქნებიან „ნაცები“ და ნეონაცები, ხოლო აქეთ ვიქნებით ჩვენ, მშვიდობის სიმბოლო, გარანტი ეკონომიკური განვითარების, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის და კანდიდატის სტატუსი – გვირგვინი. მარტივია არჩევანის გაკეთება, ასე რომ, კარგი პროცესი მიმდინარეობს. მადამ პრეზიდენტო, გილოცავთ, თქვენ ეს შეძელით. კიდევ ორი დარჩა, იმათაც თუ შემოიტყუებთ, შემდეგ გეგმა შესრულებულია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ეს პროცესები წინასწარ გვაქვს ნავარაუდები – ესეც გარედან ნაკარნახევი თემაა,- ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციური პარტიების ერთიანობის დეკლარაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
ყაველაშვილის თქმით, საზოგადოებაზე მიმდინარეობს შანტაჟი, რომლის მიზანიც ხელისუფლების ცვლილებაა.
„ხალხის ძალა“ ყველაზე გაბედულები ვართ და ყოველთვის სიმართლეს ვიძახით. სხვათა შორის, ეს პროცესები წინასწარ გვაქვს ნავარაუდები, როგორ განვითარდებოდა. ამ ძალებმა, რომლებიც თითქოს გაერთიანდნენ და შეიძლება 2 ან 3 ცენტრის შექმნა უნდათ, ერთიანობა, ერთიანი სიით გასვლა ვერ გადაწყვიტეს. ესეც გარედან ნაკარნახევი თემაა. სწორედ ამ კანონთან [“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”] მიმართებით, პოლიტიკოსების, თუნდაც ბორელის განცხადება, ეს ყველაფერი ემსახურება საქართველოს ხელისუფლების დაკნინებას არჩევნებთან დაკავშირებით. შანტაჟს ემსახურება, რომ თავად კანონზე კი არ საუბრობდნენ, ამბობენ, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება და ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირთან დაკავშირებას. ეს კარგი მასალაა საქართველოს მოქალაქეების, ხელისუფლების წევრების დაშანტაჟებისთვის.
ეს პოლიტიკოსები აღარც მალავენ, რომ ჩვენ იმიტომ კი არ უნდა გავიმარჯვოთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს უკეთესი მომავალი შევუქმნათ, უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობები, უკეთესი ჯანდაცვის სისტემა, უკეთესი განათლების სისტემა, ამაზე კი არ საუბრობენ, არამედ იმაზე, რომ ჩვენ ეს ხელისუფლება უნდა დავამარცხოთ იმიტომ, რომ აგერ ხომ ხედავთ ევროკავშირის წარმომადგენლები რას საუბრობენ; ესენი ევროკავშირში ვერ შეგვიყვანენ. ამიტომ უნდა დამარცხდეს “ქართული ოცნებაო”. ეს შანტაჟი ერთმანეთთან კავშირშია, რომ ძალა ხელისუფლების შესაცვლელად გამოიყენონ”,- განაცხადა ყაველაშვილმა.

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი

ევროპული საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ რამდენიმე პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის ჩამოყალიბებას უჭერს მხარს და ნაციონალურ მოძრაობასთან ერთობას არ განიხილავს. პარტიაში მიესალმებიან, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქარტიის პირობებისადმი ერთგულება ე. წ. ოპოზიციური ერთობის დეკლარაციაში, თუმცა თვითონ ხელმოწერას არ აპირებს.
“1. ჩვენ დიდი ხანია, გაცხადებული გვაქვს, რომ არ განვიხილავთ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთობას პირველ რიგში იმიტომ, რომ ამომრჩევლისთვის არჩევანის შეზღუდვა და ერთი სიის შეთავაზება ივანიშვილის დამარცხების ამოცანას ცალსახად არ ემსახურება; ამას გარდა, ანტიდემოკრატიულად მიგვაჩნია პიროვნების კულტზე დაფუძნებული ჩრდილოვანი მართვის ის მოდელი, რითაც ნაციონალური მოძრაობა ოპერირებს ბოლო წლებია და ურყევად გვჯერა, რომ ასეთ ძალასთან სხვა ოპოზიციური პარტიების აღრევა ქართულ დემოკრატიას მხოლოდ დააზიანებს და ამომრჩეველს იმედს გაუცრუებს;
2. მიგვაჩნია, რომ წინააღმდეგობის ხმების მობილიზაციის ამოცანებს რამდენიმე პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი უკეთ მოემსახურება და უკვე განვაცხადეთ, რომ კონსულტაციები გვექნება იმ პარტიებთან, რომლებიც მზად არიან, მოკავშირეები იყვნენ ერთი მხრივ, ივანიშვილის დამარცხებაში, ხოლო მეორე მხრივ, სააკაშვილ/კეზერაშვილის ანტიდემოკრატიული გავლენის განეიტრალებაში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საკეთილდღეოდ;
3. ვთვლით, რომ შინაარსობრივ და სისტემურ საკითხებზე პარტიებს შორის დებატები სასიცოცხლოდ აუცილებელია ამომრჩევლის ინფორმირების ამოცანებისთვის. ამასთან ერთად, შეუძლებლად მიგვაჩნია, არ გავაკრიტიკოთ ზოგიერთი ოპოზიციური ძალის, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის ისეთი მოქმედებები, რაც ძირს უთხრის ივანიშვილის დამარცხების ამოცანას.
4. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ევროპულმა საქართველომ ნაციონალურ მოძრაობასთან ევროპის სახალხო პარტიის ინიციატივით დაახლოებით ასეთივე შეთანხმება გააფორმა. ეს შეთანხმება არათუ დემონსტრაციულად დაირღვა, არამედ მასხრადაც აიგდო ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ. ნაციონალური მოძრაობის არცერთი ლიდერი შეთანხმების დარღვევის ფაქტს არ შეუწუხებია და არც შეაწუხებს იქამდე, სანამ ამ პარტიას ოპოზიციური ამომრჩეველი დემოკრატიულ ფასს არ გადაახდევინებს ყველა დარღვეული შეთანხმების გამო. ჩვენ გვჯერა, რომ 2024 წლის არჩევნებზე ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად სწორედ ასე მოხდება”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

“ევროპული საქართველო” ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ რამდენიმე პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის ჩამოყალიბებას უჭერენ მხარს და მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ოპოზიციური პარტიების ერთობა ქართველი ხალხის მკაფიო მოთხოვნის – საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში დაბრუნების ირგვლივ, “რაც ვერ შესრულდება ივანიშვილის ავტორიტარული და ოლიგარქიული რეჟიმის ცვლილების გარეშე.”
“ევროპული საქართველო” აცხადებს რომ სწორედ ამ ლეგიტიმური მოთხოვნის პასუხად შეუერთდნენ პრეზიდენტის ინიციატივას და მოაწერეს ხელი “ქართულ ქარტიას“, რომელიც მოიცავს იმ საბაზისო ნაბიჯებს, რაც რეჟიმის ცვლილების შემდეგ უნდა გადაიდგას, იმისთვის, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დავბრუნდეთ.

სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, სერგო ჩიხრაძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია პარტიების უფრო მეტ ინტეგრაციასა და ერთიანობას ითვალისწინებს.
“ოპოზიციის ერთიანობის პირველი ნაბიჯი ჩვენ ვნახეთ, როდესაც პრეზიდენტის ქარტიას მოვაწერეთ პარტიებმა მოვაწერეთ ხელი. ეს ინტერპარტიული დოკუმენტი გულისხმობს კიდევ უფრო მეტ ერთიანობას, კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას პარტიების, რათა მიღწეული იქნას ორი ძირითადი მიზანი – ეს არის ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და მეორე, ეს არის საქართველოს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

“ახალის” თანათავმჯდომარე საერთო ოპოზიციურ დეკლარაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ამ დროისათვის ხელს 6 პროდასავლური ოპოზიციური პარტია აწერს, აცხადებს, რომ ეს არ ნიშნავს ერთიან საპარლამენტო სიას:
“ერთიანობის ქარტია არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი და ქართველი პროდასავლური ოპოზიციის ძალიან სერიოზული წარმატება. ბევრი საკითხი არის შეთანხმებული ამ დოკუმენტით, მაგრამ მთავარი მაინც არის ორი -პირველი ის, რომ 8 ივლისამდე ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სწორ კონფიგურაციაზე, რომლითაც წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე და ეს არ არის აუცილებლად ერთიანი სია. ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ პასუხისმგებლობით, რაციონალურად და არა რაიმე პირად ინტერესებზე თუ მოსაზრებებზე დაყრდნობით და მეორე – ეს არის განაცხადი იმისა, რომ ჩვენ არცერთი ფორმით არ დავეხმარებით ბიძინა ივანიშვილს მთავრობის შექმნაში. იქნება ეს ხმის მიცემა “ოცნების” მთავრობისთვის, თუ მონაწილეობა “ოცნების” მთავრობაში. ამიტომ ვინც ხელს ვაწერთ ამ და სხვა საკითხებზე მკაფიოდ ვთანხმდებით” ამბობს ნიკა გვარამია.

ჩვენ ყოველთვის გვქონდა მოლოდინი, რომ ისინი გაერთიანდებოდნენ, ბედნიერი ვარ. უბრალოდ, არ ვიცი, რა დააშავეს ჩერგოლეიშვილმა, შალვა ნათელაშვილმა, დოლიძემ, რატომ არ არიან ისინიც ამ გაერთიანების ნაწილები, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მეგრელიშვილის თქმით, რაც უფრო მეტი მსგავსი ოპოზიციური პარტია გაერთიანდება, მით უფრო ნაკლები იქნება შანსი ოპოზიციური ხმების დაკარგვის.
„ამომრჩევლისთვის გასაგები იქნება, რა ნომერს უნდა მისცეს ხმა. ნომერიც კი უცნობია, ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ოპოზიციის მხრიდან, მით უმეტეს, თუ ისინი ასე პრობლემატურად მიიჩნევენ „ქართული ოცნების“ დღევანდელ ქმედებას, უბრალოდ, აუხსნელი იყო. იმედი მაქვს, ახლა მაინც ეს კონკრეტული დაპირება საზოგადოების მიმართ შესრულდება და გვეცოდინება კონფიგურაცია მაინც. შემიძლია, ვივარაუდო, როგორც მე ვგულშემატკივრობ ამ გაერთიანებას, კუბილიუსიც ანალოგიურად გულშემატკივრობს. არ გამოვრიცხავ, ეს რეკომენდაციაც ყოფილიყო ევროპელი კოლეგების მხრიდან, რადგან არ მგონია, მათთვის გასაგები იყოს ის ვაქხანალია, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ველზე ხდება. ჩვენ ვართ სრულიად გამორიცხული მსგავსი ტიპის წინასაარჩევნო შეთანხმებებიდან, რადგან ჩვენ ვართ მართლა პარტია, ყოველგვარი მორიდების და ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე, ვისაც გაგვაჩნია იდეოლოგია. ეს პარტიები ერთად ჯგუფდებიან, რადგან, საბოლოო ჯამში, რასაც უფროსი იტყვის, ის იქნება. ჩვენს პარტიაში ასეთი მოწყობა არ გვაქვს, აქედან გამომდინარე, მათთვის პრობლემურია ისეთი ტიპის არაკომფორტულ ხალხთან ურთიერთობა, როგორიც ჩვენ ვართ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, დეკლარაციის შემუშავებისა და ხელმოწერის იდეა რამდენიმე ევროპარლამენტარს ეკუთვნის. როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მათი იდეა იყო, მომხდარიყო შეთანხმება საკითხებზე, რაზეც ოპოზიციას ერთნაირი ხედვა აქვს და სადაც არჩევნებში რეჟიმის დასამარცხებლად რესურსების კონსოლიდაციაა საჭირო.

შეგახსენებთ ოპოზიციურმა პარტიებმა ბრიუსელში ერთიანობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ამ ეტაპზე მას 6 ხელმომწერი ჰყავს. დოკუმენტი რამდენიმე პუნქტისგან შედგება. პარტიები კონკრეტული მიზნების მისაღწევად, არჩევნებამდე და მის შემდეგ, ერთიანობის პირობას დებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button