მნიშვნელოვანისიახლეები

საზოგადოების ნეგატიური რეაქციის გამო საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატები აღარ გაიმართება

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე “საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ პრემიერ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამის მიზეზი დებატებთან დაკავშირებით საზოგადოების ნეგატიური რეაქციაა. მისივე განმარტებით, არ სურს, მისმა ქმედებამ რაიმე სახის ლეგიტიმაციის შესახებ ეჭვი გააჩინოს.

“ქართული ოცნების” ლიდერებთან სატელევიზიო დებატებზე აღარც თინა ხიდაშელი მიდის.

“პაპუნას გზავნილის შემდეგ დებატები არ იქნება. იმის მიუხედავად, რა და როგორ მიმაჩნია სწორედ, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა,” – წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

“საზოგადოებაში, რომელიც უკვე 7 დღეა განუწყვეტლივ აფიქსირებს თავის ლეგიტიმურ პროტესტს, უკურეაქცია გამოიწვია ჩემმა გადაწყვეტილებამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ირაკლი კობახიძესთან ერთად დაჯდომასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება არ მივიდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღეს დაგეგმილ ეთერში, რათა არ გამოვიწვიო საზოგადოების კიდევ უფრო გაღიზიანება და პატივი ვცე მათ ემოციებს. როგორც ადრეც დავაფიქსირე, არა პროტესტანტების, არამედ ჩემი ინიციატივით მივდიოდი და ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ამ ქმედებამ რაიმე სახის ლეგიტიმაციის შესახებ ეჭვი გააჩინოს საზოგადოებაში. ამასთან, როგორც ვუყურებთ, ჩხრეკების და დაკავებების ახალი ტალღა დაიწყეს დღეს.

აქვე გიზიარებთ ჩემს პოზიციას, რის გაჟღერებასაც ვაპირებდი:

– სრული სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელება ასობით მძიმედ დაშავებულ პროტესტანტს.

– სრული სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელება ყველა დაშავებულ ჟურნალისტს.

– სრული სოლიდარობა და თავისუფლება ყველა დაკავებულ პროტესტანტს.

– სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ყველა საჯარო მოხელეს, რომელთაც ღიად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და ამისთვის, სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებიან.

ამ ყველაფრის განმახორციელებელი, პირდაპირ ეწინააღმდეგება არათუ ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს, არამედ, საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციას და ვერასდროს გააწევრიანებს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში, თუმცა თავისუფლად აქცევს რუსულ ჭაობად.

ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ სრული მიტაცებაა. ამასთან მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს დემოკრატიული განვითარება და შესაბამისად, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. სწორედ ამიტომ არ ხდება ევროკავშირის მიერ გაცემული მოლაპარაკებების გასახსნელად საჭირო 9 რეკომენდაციების შესრულება.

“ქართული ოცნება”, არათუ არ, არამედ ვერ გახსნის მოლაპარაკებებს, რადგან მათ არ შეუსრულებიათ აღნიშნული რეკომენდაციები და არც მომავალში აპირებენ, რომელიც არის წინაპირობა მოლაპარაკების გასახსნელად, და გაცხადებულია 2024 წლის ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში საქართველოს შესახებ. ეს ანგარიში გამოქვეყნებულია და ყველას შეუძლია გაეცნოს ქართულ ენაზე.

კობახიძე არ არის ხალხის მიერ არჩეული, არამედ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული. მათი მხარდამჭერთათვისაც კი შეურაცხმყოფელი უნდა იყოს ის, რომ ე.წ. არჩევნების წინ პარტიის პირველ ნომრად იყო ბიძინა ივანიშვილი წარმოდგენილი და დღეს ისევ გაუჩინარდა. ბიძინა ივანიშვილი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე რაც ქვეყანაში ხდება და ის ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, სხვა დამნაშავეებთან ერთად“, – წერს მიხეილ ჯანელიძე.

“ქართული ოცნების“ ლიდერებთან – პრემიერ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან სატელევიზიო დებატებზე არც თინა ხიდაშელი მიდის.

დებატებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება შეცვლა მიხეილ ჯანელიძემაც.

„პაპუნას გზავნილის შემდეგ დებატები არ იქნება. იმის მიუხედავად, რა და როგორ მიმაჩნია სწორედ, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა.

– ძალიან ბევრი რამეა იმ არარაობისთვის სათქმელი თავს რომ პრემიერს ეძახის, იმ აუდიტორიის წინაშე სადაც თავს უკეთ და კომფორტულად გრძნობს. მე მჯერა რომ ყველა მათი ტრიბუნა უნდა დავიკავოთ და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში ჩავაყენოთ.

– იმ დიდი სათქმელიდან, რომელიც უნდა უთხრა და სახე აახიო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი აუცილებლად უნდა ითქვას.

საკუთარი ხალხის, ქვეყნის პატივისმცემელი ადამიანი იმწამსვე, როდესაც მას უთხრეს საქართველოში გაჩნდნენ ბიჭები და გოგონები, რომლებიც სულისშემძვრელ ისტორიებს ჰყვებიან:

– პოლიციელების ძალადობის შესახებ,

– “დუბინკებით” გაუპატიურების მუქარის შესახებ,

– გოგონები ჰყვებიან როგორ გადაყავდათ დაჩოქილები პოლიციის მანქანით და სხვა

იმ წამსვე უნდა მიდიოდეს ამ ადამიანებთან, უნდა ეძებდეს მათ, კარს თუ არ გაუღებენ, ყველაფერი გააკეთოს, რომ დაელაპარაკოს და მათთან ერთად მოძებნოს, პასუხი მოსთხოვოს, დასაჯოს ყველა სადისტი და მოძალადე. მაგრამ როდესაც ამის საწინააღმდეგოდ ამ უსულო მოძალადეებს დილა საღამოს მადლობას უხდი თავადაც ისეთივე უსულო მოძალადე, მათი წამხალისებელი და მხარდამჭერი ხარ და სწორედ ამიტომ უბრალოდ კი არ უნდა წახვიდე, არამედ კანონის ყველაზე უფრო მეტი სისასტიკით უნდა დაისაჯო.

მთავარი სათქმელი ეს არის:

– შეხვდი, დაელაპარაკე ნაცემ, ნაწამებ ადამიანებს…

– აღასრულე სამართალი მათთვის და მათი სახელით…

ამასობაში დღეს კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიები დაიწყეს”, – წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

დღეს, 22:00 საათზე, “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში დაგეგმილი იყო დებატები, რა ფორმატშიც პრემიერი ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან “ქართული ოცნების“ ყოფილ მინისტრებს თინა ხიდაშელს და მიხეილ ჯანელიძემ უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

2 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეული პროტესტი ადასტურებს, რომ “ქვეყანაში წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა“ არსებობს. ამავე სხდომაზე კობახიძემ აღნიშნა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის “გულწრფელ ადამიანებთან“, ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები “სხვანაირად გაიგო“.

პირდაპირი სატელევიზიო ეთერით, დებატების ფორმატში, მასთან დისკუსიის მზაობა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამოთქვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button