საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციები განახლდება

საზოგადოებივ მაუწყებელთან პერმანეტული აქციები 10 თებერვლის 17 საათიდან განახლდება – ასე დააანონსეს “აუდიტორია 115” -ისა და “მწვანე მუშტის” წარმომადგენლებმა, რომლებიც 9 თებერვალს, გვიან საღამოს საზოგადოებრივ მაუწყებელის ფოიეში სტუდენტთა ნაწილთან ერთად შეიჭრა და პირდაპირი ეთერის მოთხოვნით აქცია ფოიეშივე გამართა.

ერთი აქცია მაუწყებლის მთავარ შესასვლელთან იმართებოდა, მეორე კი პარალელურ რეჟიმში ფოიეში.

“აუდიტორია 115”-ის, “მწვანე მუშტის” და პროფკავშირების აქტივისტები ტელეკომპანიაში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ და ახალი მენეჯმენტის გეგმას ეწინააღმდეგებიან.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციას შეუერთდნენ „ფრესკოს“ და „ბიბლუს გალერის“ თანამშრომლები, ასევე ქსნის და ტყიბულის მეშახტეები. აქციაზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მაუწყებლის შენობაში შეჭრილმა სტუდენტებმა შენობა მხოლოდ მას შემდეგ დატოვეს, რაც ”აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლებს მაუწყებელმა მოთხოვნა შეუსრულა, პირდაპირი ეთერი დაუთმო.

სტუდენტებმა პირდაპირ ეთერში განცხადება სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ გააკეთეს.

მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელმა გიორგი სოფრომაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განცხადება წაიკითხა და საზოგადოებას აქციის მონაწილეების პოზიცია გააცნო.

„ჩვენ შემოვედი საზოგადოებრივ მაუწყებელში და მოვითოხვეთ პირდაპირი ეთერი, რადგან სხვა გზა აღარ დაგვრჩა და სოციალური პრობლემები, რომლებიც საზოგადოებაში დაგროვდა, საჭიროებს ფართოდ გაშუქებას და ფართო დისკუსიას.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთადერთი სივრცე, რომელშიც პარტიული და კომერციული ინტერესების გარეშე შესაძლებელია საზოგადოების ხმის გაჟღერება.

ამასთანავე მიგვაჩნია, რომ თავისუფალი სიტყვის გარანტი ქვეყანაში არის ძლიერი პროფკავშირი და მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს და ჟურნალისტებს, გაერთიანდნენ საერთო ინტერესების დასაცავად.

საზოგადოებრიუვი მაუწყებლის თანამშრომლებს თავიანთი სოციალური უფლებებისთვის ბრძოლის ყველა ეტაპზე ჩვენ სოლიდარობას გამოვუცხადებთ.

გათავისუფლებისთვის განწირულმა პროფესიონალებმა უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო თქვენ ბრძოლაში.

მოვითხოვთ მთავრობისგან გაატაროს საკუთარი ხალხის ინტერესი“,- განაცხადა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში აქციის მონაწილემ.

„ჩვენი მოთხოვნა არის ყველა ჩაერთოს ამ განხილვაში, მაგრამ ეს უნდა იყოს ცივილური ფორმით“,-ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი მაუწყებლის შენობაში აქციის მონაწილეთა შეჭრას.

როგორც ბერძენიშვილმა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, არ ყოფილა შემთხვევა საზოგადოებრივ მაუწყებელს ვინმესთვის პირდაპირ ეთერზე უარი ეთქვას.

„ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მონაპოვარი. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს საშუალება, რომ ყოველთვის,ნებისმიერ მოვლენას ვეხმიანებით იმავე წუთას, მით უფრო, თუ ეს ჩვენ ტერიტორიაზე ხდება.”- განცხადა ბერძენიშვილმა.

ამ წუთებში მაუწყებლის შენობასთან სიმშვიდეა, თუმცა ადგილზე რჩება საპატრულო პოლიცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button