საზოგადოებრივის მომავალი გაურკვეველია [Audio]
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მაუწყებლის გენერალურ დირექტორს შეხვდა. ბორდის წევრების განცხადებით, გარდაქმნისა და განვითარების გეგმასთან დაკავშირებით მათ გარკვეული კითხვები აქვთ და დეტალური განმარტებების მოსმენა თავად დოკუმენტის ავტორებისგან სურდათ. ვასილ მაღლაფერიძემ შეხვედრა უკვე დატოვა.
მაუწყებლის გენერალური დირექტორის განცხადებით, სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სამეურვეო საბჭო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის შეფასების კრიტერიუმი.
მაღლაფერიძის თქმით, ის გეგმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ახალმა მენეჯმენტმა წარადგინა, გათვლილი იყო იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გამხდარიყო ლიდერი ტელეკომპანია და რეიტინგებშიც უნდა ყოფილიყო მოწინავე პოზიციებზე.
თუმცა, მისი თქმით, ბოლო პერიოდში გამოითქვა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ რეიტინგი, შესაძლოა, არ იყოს მთავარი ფუნქნცია საზოგადოებრივი მაუწყებლის.
აქედან გამომდინარე, ახალი კრიტერიუმების შეფასების შემდეგ, მაღლაფერიძის თქმით, უკვე ამ კრიტერიუმებს მოერგება ის გეგმა, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი განვითარებას გააგრძელებს.
მოუსმინეთ ვასილ მაღლაფერიძის ხმას ►
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფი ალტერნატიულ სამოქმედო გეგმას ამზადებს. ისინი წერილს საზოგადოებრივი მაუწყებლის კანცელარიაში მალე დაარეგისტრირებენ, რომლის მიხედვითაც, მათი მოთხოვნა სამეურვეო საბჭოში მენეჯმენტის მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმის შეწყვეტა იქნება მანამ, სანამ მათ მიერ მომზადებული ინიციატივები არ იქნება გასაჯაროებული. ჟურნალისტის ნინო ზაუტაშვილის თქმით, ალტერნატიული ხედვები დროის გაყვანის საშუალებაა, თუმცა მაინც ღირს ახალი გეგმების შეთავაზება.
მოუსმიენთ სულხან სალაძის, ნინო ზაუტაშვილის და ლაშა მესხის ხმას ►
„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ რეფორმა აუცილებელია, თუმცა ეს რეფორმა არ უნდა შეეხოს ჟურნალისტებს“ – ამის შესახებ სახალხო დამცველმა საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა. უჩა ნანუაშვილის თქმით, ცვლილებების პროცესში მაქსიმალურად უნდა იყოს თანამშრომლების უფლებები დაცული. ომბუდსმენისთვის გაუგებარია, თუ რატომ არის საჭირო 11 თვით რადიო თუ ტელეგადაცემების გაჩერება, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესებია და ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მზადება მიმდინარეობს. სახალხო დამცველის განცხადებით, მან ამის საპასუხო არგუმენტები ვერ მოისმინა.
უჩა ნაუნაშვილის ხმა ►
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა და ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ საქართველოს ჰყავდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერი მიესალმება საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს და იმედს გამოთქვმს, რომ პროცესები ცივილურად წარიმართება.
მოუსმინეთ გიორგი კვირიკაშვილის ხმას ►
საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს და პრემიერმინისტრის განცხადებას პარლამენტის წევრები ეხმაურებიან.
მოუსმინეთ კომენტარებს საკანონმდებლო ორგანოდან ►