სებ-ი მთავრობას ბიუჯეტის დეფიციტის სწრაფად შემცირებისკენ მოუწოდებს
ეროვნული ბანკი მთავრობას მოუწოდებს, ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილზე სწრაფად შეამციროს. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ბიუჯეტის დეფიციტს გავლენა აქვს ფასებზე, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ შემცირდეს.
„მოსალოდნელია, რომ მიმდინარე და ასევე მომავალ წელს ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ მაღალი იქნება. გვაქვს ასევე დაგროვილი მოთხოვნა, რაც ინფლაციაზე თავისთავად დამატებით წნეხს ქმნის. გასათვალისწინებელია, რომ ინფლაცია საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში. მაღალია გაურკვევლობა, მათ შორის პანდემიასთან დაკავშირებითაც. შესაბამისად, ჩვენი წინადადებაა, რომ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება როგორც წელს, ასევე შემდგომ პერიოდში დაგეგმილზე სწრაფად მოხდეს. მიზანშეწონილია, რომ თუკი 2022 წლის განმავლობაში დაგეგმილზე მაღალი შემოსავლები იქნება, ეს ყველაფერი გამოყენებული იყოს დეფიციტის უფრო მეტად შესამცირებლად, სასურველია 4%-ზე ქვემოთ. ჩვენ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული გვაქვს და ბიუჯეტის დეფიციტი არის ერთ-ერთი წყარო ფასებზე გავლენის მიმართულებით. შესაბამისად, ვაკვირდებით ვითარებას და მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გავამკაცროთ პოლიტიკა“,- განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა და დასძინა, რომ მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მომავალი წლის გაზაფხულიდან შემცირდეს, თუმცა შემცირების ტემპი შესაძლოა, მოსალოდნელზე დაბალი იყოს.
ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 12.8% შეადგინა და ბოლო ოთხი თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება.