სენაკში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1983 წელს დაბადებული გ.ლ დააკავეს სენაკში.
უწყების ცნობით,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს, მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გ.ლ. მეუღლესა და ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვანს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები. ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.
სასამართლომ გაიზიარა გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და “დ”ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.