სექსუალური ძალადობის მსხვერპლ მამაკაცებს დაეხმარებიან
შვედეთის Södersjukhuset-ის საავადმყოფოსთან უკვე მუშაობს კლინიკა, რომელშიც სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებულ 600-700 გოგონას და ქალს უკვე მკურნალობენ, – გვატყობინებს ბი-ბი-სი.
ოთხშაბათს, საავადმყოფოს დირექციამ გამოაცხადა, რომ კლინიკა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, ბიჭებს და მამაკაცებსაც დაეხმარება.
2014 წელს, შვედეთში, მამაკაცებზე სექსუალური ძალადობის 370 შემთხვევა დაფიქსირდა.
კლინიკის ექიმი ლოტი ჰელსტრემი ამბობს, რომ საზოგადოების აზრით, “მამაკაცები გაუპატიურების მსხვერპლნი არ შეიძლება გახდნენ, რეალურად კი – დაზარალებული კაცების რიცხვი ბევრად აღემატება ქალებისას”.
„გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მამაკაცებისთვის გაუპატიურება, უფრო მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური შედეგების მომტანია, ვიდრე ქალებისთვის. კაცების პოსტტრავმული სინდრომის რისკი უფრო მაღალია“, – აღნიშნავს ექიმი ჰელსტრემი.
ექიმმა აგრეთვე დასძინა, რომ საზოგადოებისთვის კაცების გაუპატიურების ფაქტი ტაბუირებული თემაა. მამაკაცებს, როგორც წესი, მამაკაცები ძალადობენ, და არა ქალები, რაც დაზარალებულებში სექსუალური იდენტიფიკაციის პრობლემებს იწვევს.
მთელი ევროპის მასშტაბით, შვედეთში, ერთ სულ მოსახლეზე,სექსუალური ძალადობის მსხვერპლ მამაკაცების რიცხვი, ყველაზე მაღალია. გასულ წელს, შვედეთის სექსუალური განათლების ასოციაციამ (RFSU) გამოკვლევების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად გაირკვა, რომ ქვეყნის უმრავლეს ქალაქში დაზარალებულმა მამაკაცებმა არ იცოდნენ, დახმარებისთვის რომელი ორგანიზაციისთვის მიემართათ.