სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობაში ამხილა-ოპოზიცია და ოცნება ლავროვის განცხადებას პასუხობს
ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს
ლავროვის განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქვეყანას ივანიშვილის სახით ჰყავს კრემლის ფილიალის წარმომადგენელი – განაცხადა საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი განცხადების შეფასებისას. ნადირაძის თქმით, დადასტურდა, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა არა ბიზნესის, არამედ უშუალოდ მთავრობის მხრიდან
„ფაქტია, რომ ლავროვის განცხადებით დადასტურდა, რომ ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა არა ბიზნესი, არამედ უშუალოდ რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მთავრობა და ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ამ ქვეყანას ივანიშვილის სახით ჰყავს კრემლის ფილიალი წარმოდგენილი და „ქართული ოცნება“, როგორც „ეძინაია რასიას“ ფილიალი, ათბობს რუსეთთან ურთიერთობას საქართველოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე.“ – თქვა ნადირაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობაში ამხილა.
ხატია დეკანოიძემ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იმ განცხადებაზე, სადაც სერგეი ლავროვმა აღნიშნა: „ჩვენ დავინახეთ, რომ თბილისში ამჟამინდელი მთავრობა დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების აღდგენაზე და გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის“.
დეკანოიძის თქმით, ლავროვმა დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება.
„23 მაისს გავაკეთე განცხადება, სადაც საქართველოს ხელისუფლებას ღიად ვკითხე და საზოგადოებას ვუთხარი, რომ არსებობს ფარული მოლაპარაკებები, შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის, რაზეც ხელისუფლებისგან პასუხი ვერ მივიღეთ. როგორც დღეს აღმოჩნდა, ლავროვის ხელისუფლებას, კრემლს პირდაპირი კავშირი აქვს ღარიბაშვილის ხელისუფლებასთან, რაც არის ზუსტად იმის დადასტურება, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, ღარიბაშვილის, ფარცხალაძის და „ფეესბეს“ სხვა აგენტების მიერ, მათი დახმარებით, ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, საქართველო გადააქციოს რეგიონში რუსეთისთვის ერთადერთ პლატფორმად. გეოპოლიტიკური ცვლილებების შემდეგ რუსეთის გავლენა რეგიონში ძალიან შემცირებულია და, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. მაშინ, როდესაც ევროკავშირი განიხილავს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას და, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ქართველი ხალხის დამსახურებით, შესაძლებელია, კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ლავროვი ამხელს საქართველოს ხელისუფლებას. მხილებები გაგრძელდება, რაც გულისხმობს, რომ არის ძალიან სერიოზული საბოტაჟი და საგარეო პოლიტიკური კურსის სერიოზული ცვლილება საქართველოს ხელისუფლების მიერ, რომელიც ლავროვმა დაადასტურა. ეს არის არათავსებადი საგარეო პოლიტიკურ კურსთან, რომელიც საქართველოს უნდა ჰქონდეს ევროატლანტიკური მისწრაფებების გამო. ეს კურსი ჩაწერილია ჩვენს კონსტიტუციაში. ამ შეთანხმების ლოგიკური შედეგი კი ფრენების აღდგენაა. ლოგიკა მხოლოდ ერთია, რომ, ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილის ხელოსუფლებას გადაწყვეტილი აქვს, საქართველო გახდეს ერთადერთი პლატფორმა რუსეთისთვის რეგიონში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
სერგეი ლავროვის განცხადება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მართავს რუსეთის მსახური ხელისუფლება, რომელიც კრემლთან სრულ თანხვედრაში და ჰარმონიაშია – ნათქვამია “ლელო საქართველოსთვის” წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ლავროვის განცხადებით
მორიგ ჯერზე დადასტურდა “ოცნების” ხელისუფლების პრორუსული კურსი:
„ჩვენ უკვე გვსმენია კრემლის დასტური, რომ რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის ინიციატივა საქართველოს მთავრობამ გამოთქვა. დღეს ლავროვმა ხელახლა დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა კონსულტაციები რუსეთთან ურთიერთობების „ნორმალიზების“ და ფრენების აღდგენის საკითხზე.
მაშინ, როდესაც რუსეთის დამნაშავე რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსულ ომს აწარმოებს და საერთაშორისო საზოგადოების იზოლაციის საგანია, საქართველოს რუსული ხელისუფლება ურთიერთობებს აღრმავებს სწორედ კრემლთან და პარალელურად ურთიერთობებს ანადგურებს ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან.
საერთაშორისო კონტექსტიც რომ დავივიწყოთ, იმ ფონზე, როდესაც გრძელდება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების დარღვევა, მცოცავი ანექსია, მშვიდობიანი მოსახლეობის დევნა და ე. წ. დიპლომატიური ურთიერთობები აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთთან, ორმხრივ ურთიერთობათა ნორმალიზებაზე რაიმე საუბარი ცინიზმის მწვერვალია.
დღეს ყველა ქართველის უპირველეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს რუსეთის მსახური ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლა, რათა გადარჩეს ქართული სახელმწიფო და ჩვენი ევროპული მომავალი”, – აცხადებს გეგელია.
ძალიან ჩამჭრელი შეკითხვაა, არ ვიცი როგორ გიპასუხოთ – ღარიბაშვილი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით, კრიტიკული მედიის შეკითხვას ცინიზმით პასუხობს.
კითხვაზე, იტყუება თუ არა ლავროვი როდესაც ამბობს, რომ ღარიბაშვილის ხელისუფლებასთან ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებებს მართავდა, პრემიერი ამბობს:
ძალიან მარტივად არის საქმე. მაგას პატარა ბავშვი მიხვდება. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა თქვა რომ ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება., უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა. დღეს რაც თქვა ბატონმა ლავროვმა, ეს არის ფაქტის კონსტატაცია. რა თქმა უნდა მოხდა გაფორმება შეთანხმების საქართველოს მთავრობასთან. ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო ბუნებრივია თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და შესაბამის კომპანიებს, რუსულ კომპანიებს. ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა არის ამაში გაუგებარი? რა სკანდალი ნახეთ ამაში? რა აღმოაჩინეთ? ” ამბობს ღარიბაშვილი.
საქართველოს მთავრობის სახელით, მე გიდასტურებთ, რომ არავის ჩვენი სახელით, მთავრობის და ჩემი სახელით, არავის ფორმალური მოლაპარაკებები ამ საკითხზე არ გაუმართავს. ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ძალიან ბევრი ბიზნესმენი და ძალიან ბევრი ქართველი, ეს არის მილიონზე მეტი ქართველი, რომელსაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა და არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და არიან ამავდროულად რუსეთის მოქალაქეებიც.
“ძალიან ბევრი ბიზნესმენი და ძალიან ბევრი ქართველი, ეს არის მილიონზე მეტი ქართველი, რომელსაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა და არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და არიან ამავდროულად რუსეთის მოქალაქეებიც. ისინი ბუნებრივია, მათი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ბიზნეს საქმიანობა აქვთ, პირდაპირ მიმოსვლები აქვთ, ოჯახები, ნათესავები ჰყავთ აქ ადგილზე, დაინტერესებული იყვნენ, რომ ყოფილიყო და აღმდგარიყო პირდაპირი ფრენები. ეს არ არის დამალული ფაქტი.
ჩვენც ვიყავით მათ შორის დაინტერესებული, რომ ჩვენი მოქალაქეები, რაც გამარტივდება და რაც გაამარტივებს გადაადგილებას, იოლი იქნება და იაფი იქნება უფრო, ეკონომიური იქნება, რა თქმა უნდა კარგია. ეს ჩვენ არაფერი არ დაგვიმალავს. თქვენი პრობლემა რაში მდგომარეობს, მეგობრებო, თქვენ ყოველთვის რაღაცას მალავდით ხალხისგან და უმალავდით ყველაფერს. ყველაფერს აკეთებდით ხალხის საზიანოდ, ჩვენ ღიად ვაკეთებთ ყველაფერს. ამაშია ჩვენი სიძლიერე ამიტომ წყნარად იყავით“, – განაცხადა პრემიერმა.
ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს – აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.
სარჯველაძე ამტკიცებს, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის, მოლაპარაკებები არ გამართულა.
‘გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ კონსულტაციებს და შეთანხმებებს ადგილი არ ჰქონია,თუ ვინმეს სჯერა, რომ რუსეთი და საქართველოს ხელისუფლება არიან კონსპირაციულ თანამშრომლობაში… როგორ ფიქრობთ, რა ინტერესი შეიძლება იყოს ლავროვის, როდესაც ასეთ საჯარო პუბლიკაციას აკეთებს ამ თემასთან დაკავშირებით და ვის ინტერესშია ასეთი განცხადებები. სამწუხაროდ, აღმოაჩენთ ძალიან მარტივად, რომ ასეთი არასწორი ინფორმაციების გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ოპოზიციის ინტერესშია…ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს”, – თქვა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს თქვა, რომ ფრენები საქართველოსთან, ღარიბაშვილის მთავრობასთან მოლაპარაკებების შედეგად აღდგა.