სერგო აბრამიშვილი ფრანგულ „სტად ფრანსეში“ ითამაშებს
ფრანგულმა სარაგბო კლუბმა „სტად ფრანსემ“ 17 წლის ქართველი, თბილისის „ხვამლის“ მარცხენა ბურჯი, სერგო აბრამიშვილი დაიმატა.
საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების წევრმა ფრანგულ გრანდთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ასაკის გამო ქართველი მორაგბე თავდაპირველად ესპუარებში ითამაშებს. აბრამიშვილი სექტემბრიდან ფრანგული ენის შესწავლასაც დაიწყებს და გუნდის წევრებთან უშუალო კომუნიკაციასაც შეძლებს.
ახალგაზრდა ქართველი მორაგბის ტრანსფერი „სტად ფრანსეს“ მთავარმა მწვრთნელმა ბორის ბუჰრუამ დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ აბრამიშვილს ბურჯისთვის საჭირო თვისებები გააჩნია. ის კლუბს განსხვავებულ ხიბლს მისცემს და ქართული რაგბის პარალელურად, სერგო, ფრანგული რაგბის იმედიც გახდება.
ცნობისთვის, სტად ფრანსეს ძირითად გუნდში ქართველი ბურჯები: ვასილ კაკოვინი და გიორგი მელიქიძეც თამაშობენ.
პარიზელებს საფრანგეთის ჩემპიონატი 8-ჯერ აქვთ მოგებული, გასულ სეზონში კი მეოთხედფინალამდე მივიდნენ, თუმცა რასინგთან წააგეს და ტიტულს დაემშვიდობნენ.