სეტყვა თელავსა და კასპში – განადგურებულია მოსავალი

სეტყვის შედეგად თელავის რაიონის სოფელი ვანთა დაზარალდა. ადგილობრივების თქმით, განადგურებულია რამდენიმე ჰექტარი ვენახი და ხეხილის ბაღები.
ვანთის გარდა, სეტყვა კიდევ რამდენიმე სოფელში მოვიდა, თუმცა მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი არ მიუღია. ადგილობრივ ხელისუფლებაში ზარალის ოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.
რეგიონში სეტყვის სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარი ამ დრომდე არ გამოუყენებიათ. კომპანია დელტაში აცხადებენ, რომ სისტემა თვის ბოლოდან ამოქმედდება.
ძლიერი სეტყვა იყო კასპშიც. სტიქიამ განსაკუთრებით სოფლები – ნოსტე და ერთაწმინდა დააზარალა. ადგილობრივების თქმით, სეტყვა ხანგრძლივი და ინტენსიური იყო, რის გამოც მოსავლის 80% განადგურდა.
ძლიერმა ნალექმა რამდენიმე ადგილას ნიაღვარი გამოიწვია – მოსახლეობა ამბობს, რომ გადარეცხილია ჰექტრობით მიწა, სადაც ნათესები იყო. ზარალის დათვლას ადგილობრივი ხელისუფლება დღეიდან დაიწყებს.
დღესვე უნდა გადაწყდეს რა ფორმით მოხდება დაზარალებულების დახმარება.