მიხეილ რამიშვილი პროკურატურას – მალე ბევრ სიურპრიზს განახებთ

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა და მის წარმომადგენლებს მატყუარები უწოდა.
დღეს პროკურატურამ მიხეილ რამიშვილს იმ ფოტოების წყაროს დასახელება მოსთხოვა, რომლებიც ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ადვოკატმა გუშინ გაასაჯაროვა. რამიშვილის თქმით, ფოტოები ადასტურებს, რომ სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 5 დღიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ იპოვნა, პოვნის წინა დღეს მანქანა იქ არ მდგარა.
როგორც პრესკონფერენციაზე რამიშვილმა აღნიშნა, პროკურატურის თანამშრომლებმა მოატყუეს.
„პირდაპირ გეუბნებით, გუშინ ვისაც გესაუბრეთ, ერთი მისხალი ნდობაც კი აღარ მექნება თქვენ მიმართ იმიტომ, რომ ძალიან მატყუარები და არასანდო ადამიანები ხართ. გუშინ ჩვენ პირადი საუბრებიც გვქონდა და შეთანხმებულებიც ვიყავით, რომ ორი დღე გვინდოდა. დღეს ვაპირებდი მივსულიყავით, მაგრამ დღის ბოლომდე არ მოიცადეთ. გამოდიხართ და ამბობთ იმას, თითქოს უარი განვაცხადე წყაროს დასახელებაზე. მატყუარები და ცრუპენტელები ხართ! გუშინ უარი არ მითქვამს და თქვენთან სასაუბროდ მოვედი. თქვენ არ ხართ გამომძიებლები, თქვენ ხართ იმის შემსრულებლები, რასაც უფროსები გავალებენ. რაც შეეხება წყაროს, მე გუშინაც განვაცხადე, რა თქმა უნდა, ამას კუდს მოაბამენ, თითქოს ფოტოშოპია და გადაკეთებულია“, – განაცხადა რამიშვილმა.
ადვოკატის თქმით, ის შესაბამის ფოტომასალს საელჩოებში გადააგზავნის და დამოუკიდებელ ექსპერტიზაზეც წარადგენს. რამიშვილი ამბობს, რომ პროკურატურა და საგამოძიებო სამსახურები იმაშიც იტყუებიან, რომ საქმის გამოსაძიებლად ყველაფერს არ აკეთებენ, უცხოელებს სხვა წერილებს უგზავნიან და საზოგადოებას სხვა შინაარსს აცნობენ.
„ბევრი წერილი, რომელსაც ვითომ აშშ–ში აგზავნიან, შინაარსობრივად არ არის იმ მოცემულობის, რასაც საზოგადოებას აწვდიან. მეც მყავს ჩემი წყაროები, ჩემი კავშირი მაქვს ძალიან ბევრ ადამიანთან“, – ამბობს რამიშვილი.
„გული მწყდება, როდესაც გელოდებიან, სიტყვას გათქმევინებენ და მერე უნდათ, რომ ცრუპენტელა, მატყუარა წარმოგაჩინონ. ძალიან გული მწყდება გუშინდელ წარმომადგენლებზე, რომელთანაც გვიანობამდე ვსაუბრობდი და აღარ ვაპირებ თქვენთან არანაირ თანამშრომლობას. ძალიან მალე ბევრ სიურპრიზს განახებთ“, – განაცხადა რამიშვილმა.
წაიკითხეთ ასევე: