შაჰინის სკოლა-ლიცეუმი: სასწავლო პროცესს არ ვწყვეტთ

ბათუმში მდებარე შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი სასწავლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს – ამის შესახებ სკოლის დირექტორმა განაცხადა. ელგუჯა დავითაძის თქმით, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ მას ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღია, შესაბამისად ლიცეუმი საგანმანათლებლო საქმიანობას განაგრძობს.

სკოლის დახურვის გადაწყვეტილება ავტორიზაციის საბჭომ 3 თებერვალს მიიღო. მიზეზად სკოლაში გეგმური მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევები დასახელდა.

დირექტორის თქმით, ავტორიზაციის საბჭო მთავარ დარღვევად, სკოლაში არაქართულენოვან სექტორზე თურქეთის ათი მოქალაქის ჩარიცხვას უთითებს. როგორც ელგუჯა დავითაძემ განაცხადა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად თურქეთის მოქალაქეების სკოლაში სწავლის საკითხი დარეგულირებული იყო და ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

სკოლა-ლიცეუმის დირექტორი პრემიერმინისტრს, განათლების მინისტრსა და სახალხო დამცველს მიმართავს, პირად კონტროლზე აიყვანონ და დაიცვან სკოლის 340 მოსწავლის, მათი მშობლებისა და პედაგოგების კანონიერი უფლებები. სკოლამ ავტორიზაცია 2015 წლის 4 სექტემბერს, 5 წლის ვადით მიიღო.

მანამდე ელგუჯა დავითაძემ სკოლისთვის ავტორიაზიის გაუქმება პოლიტიკასაც დაუკავშირა.

მსგავსი პოსტები

Back to top button