ვეტოს დავადებ! ეს კანონი არის იმისთვის, რომ ევროპასთან დაგვაშოროს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებს, „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონს, მიღების შემთხვევაში, ვეტო დაადოს.
ამის შესახებ მან დღეს, 28 თებერვალს თქვა გენდერული თანასწორობისათვის პოლიტიკურ ფორუმზე.
მისი შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს ევროპასთან აშორებს.
„რადგან აქ ბევრი არასამთავრობოა, იმისთვის, რომ ჟურნალისტები ერთად არ დამესიონ, ვიტყვი, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ კანონის, რომელიც ახლა განიხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში. ვეტოს დავადებ! მე სამართლებრივი პოზიცია არ მაქვს, რომ ეს ან ის მუხლი არ ვარგა. ეს კანონი არის იმისთვის, რომ ევროპასთან დაგვაშოროს. ამდენად, ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობას (“ქართულ ოცნებას” და “ხალხის ძალას”) პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ უცხოური გავლენების შესახებ ორი კანონპროექტია ინიცირებული – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, “ქართული ოცნებიდან”, წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი “ხალხის ძალის” დეპუტატები: – სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან.
პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით – ვადით 5 წლამდე.
რაც შეეხება კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, ის უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. ამავე კანონპროექტის თანახმად, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.
ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.
მოგვიანებით “ხალხის ძალამ” დააინიცირა კანონპროექტის გაუარესებული ვარიანტი, რომელიც, მათი თქმით, FARA-ს “სიტყვა-სიტყვით თარგმანია”. ნეტგაზეთის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.
ქართული ოცნების განცხადებით, უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ორივე ვარიანტს პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება. ამასთან, მმართველი გუნდი კანონის მიღებას ივნისის ბოლომდე გეგმავს.