კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

შაქარაშვილის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა იწყება

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სამი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

19 ოქტომბერს, გორის რაიონული სასამართლო ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ეტაპს იწყებს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შაქარაშვილის საქმის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ეპიზოდებზე იმსჯელებს.

რაც შეეხება ფეხბურთელის მკვლელობას, 109-ე მუხლს, რომელიც ბრალდებულს ასევე აქვთ წარდგენილი, საქმის ამ ეპიზოდს მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, ბიძინა სტურუა განიხილავს.

ცნობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე მოსამართლე 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას არაუმეტეს 300 პირის შემადგენლობით. მხარეებს უფლება აქვთ, დაესწრონ მსაჯულების შერჩევის პროცედურას. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პირველ სხდომაზე გამოძახების უწყება ეგზავნება ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიის არაუმეტეს პირველ 150 კანდიდატს; ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა ღიაა. ამ კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (სასამართლო სხდომის საჯაროობა) სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის დახურვის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ვერსიის თანახმად, 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, რამდენიმეკაციანი ჯგუფი მოიხმო, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.

სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი „ტოიოტა კამრიდან“ გადმოსული მდევრების გამოჩენისას იკარგება.

ბრალდება ირწმუნება, რომ „ტოიოტა კამრის“ ხუთმა მგზავრმა, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ალყაში მოაქცია, რის გამოც გიორგი იძულებული გახდა, მდინარე არაგვისკენ, ციცაბო ბილიკზე დაშვებულიყო. მდევრები ფეხბურთელს არაგვის ნაპირზე წამოეწივნენ, ის სასტიკად სცემეს და შემდეგ წყალში გადააგდეს.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. სხეულზე დაფიქსირებული დაზიანებები კი მას სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button