შაქარაშვილის საქმის გარემოება ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით
გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ ცოტა ხნის წინ, ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. სადაც დეტალურად არის აღწერილი 19 ივნისს, სოფელ ნარეკვავში გამართული დაბადების დღის წვეულებაზე დაწყებული კონფლიქტი, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებით დასრულდა.
როგორც საქმის მასალებში ვკითხულობთ, „18 ივნისს, დაახლოებით 23 საათზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ირაკლი წაქაძემ, საბა ჩხარტიშვილმა და საბა გოგშელიძემ, ჯგუფურად ცემეს ნიკოლოზ ხეჩოშვილი და ვახტანგ ჩიქოვანი.
“აღნიშნულის შემდგომ, ნიკოლოზ ცუცქირიძემ, ლაშა შერმადინმა, გიორგი მერაბიშვილმა, გიგა ტატიაშვილმა და ვახტანგ ჩიქოვანმა ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ ძალადობას, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდნენ.
“კერძოდ, ნიკოლოზ ხეჩოშვილის და ვახტანგ ჩიქოვანის ცემის გამო, შურისძიების მოტივით, დაახლოებით 00:30 საათზე, გიგა ტატიაშვილის და ვასილ მახარაძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილებით, გიგა ტატიაშვილი, ნიკოლოზ ცუცქირიძე, ნიკა ჟვანია, ნიკა ქანაშვილი, თენგიზ ბარბაქაძე, ირაკლი მუმლაძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ვასილ მახარაძე, აკაკი ქვრივიშვილი, ზეზვა ხომასურიძე, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი ქ. თბილისიდან გაემგზავრნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მიმართულებით, სადაც მათ ელოდებოდათ ლაშა შერმადინი და გიორგი მერაბიშვილი.
“შემდგომ, მათ მომხდარი ჩხუბის გამო შურისძიების მოტივით, გიგა ტატიაშვილმა, ნიკოლოზ ცუცქირიძემ, ნიკა ჟვანიამ, ნიკოლოზ ქანაშვილმა, თენგიზ ბარბაქაძემ, ირაკლი მუმლაძემ, გიორგი მერაბიშვილმა და ლაშა შერმადინმა შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს, კონსტანტინე ღიბრაძეს, გურამ ამირხანაშვილს, გიორგი ქათამაძეს, ვახტანგ ახვლედიანს და იაკობ ბრეგვაძეს.
“ამავდროულად დაედევნენ მათ საცემად და ფიზიკურად გაუსწორდნენ გიორგი ქათამაძეს, კონსტანტინე ღიბრაძეს და ვახტანგ ახვლედიანს. ხოლო გიორგი შაქარაშვილმა, გური ამირხანაშვილმა და იაკობ ბრეგვაძემ თავს გაქცევით უშველეს. აღნიშნულის შემდეგ გიგა ტატიაშვილმა, ნიკოლოზ ცუცქირიძემ, ნიკა ჟვანიამ, ნიკოლოზ ქანაშვილმა, თენგიზ ბარბაქაძემ, ირაკლი მუმლაძემ, გიორგი მერაბიშვილმა და ლაშა შერმადინმა დატოვეს შემთხვევის ადგილი.
“გიგა ტატიაშვილს, ნიკოლოზ ცუცქირიძის, ნიკა ჟვანიას, ნიკოლოზ ქანაშვილის, თენგიზ ბარბაქაძის, ირაკლი მუმლაძის, გიორგი მერაბიშვილის და ლაშა შერმადინის წასვლის შემდგომ, შემთხვევის ადგილზე დარჩნენ გიორგი ქათამაძე, ვახტანგ ახვლედიანი, გურამ ამირხანაშვილი და გიორგი შაქარაშვილი. მალევე, 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 00:53 საათზე, მათთან მივიდნენ ვახტანგ ჩიქოვანი, ვასილ მახარაძე, აკაკი ქვრივიშვილი, ზეზვა ხომასურიძე, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი, რომელთაც შურისძიების მოტივით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს, გურამ ამირხანაშვილს, გიორგი ქათამაძეს და ვახტანგ ახვლედიანს. ამავდროულად, დაედევნენ მათ საცემად და მოუწოდებდნენ, რომ გაჩერებულიყვნენ.
“თავის მხრივ, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, გიორგი ქათამაძე და ვახტანგ ახვლედიანი გაიქცნენ საავტომობილო გზაზე, მოძრაობის საპირისპირო მხარეს – მდინარე არაგვის თავზე არსებული ხიდისკენ.
“შემდგომ გადაკვეთეს გზა და გადავიდნენ საავტომობილი გზის დასავლეთის მიმართულებაზე, შემდგომ კი გზიდან მარჯვენა მხარეს არსებული ბუჩქნარისკენ, სადაც დაიმალნენ გურამ ამირხანაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი, გიორგი ქათამაძე დაიმალა საავტომობილო გზის გზაგამყოფზე არსებულ ბუჩქნარში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი გაიქცა მდინარე არაგვის მიმართულებით.
“ვახტანგ ჩიქოვანმა, ვასილ მახარაძემ, აკაკი ქვრივიშვილმა, ზეზვა ხომასურიძემ, არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა გურამ ამირხანაშვილი ბუჩქებში დამალული იპოვეს და აღუკვეთეს თავისუფლება.
“კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ჩასვეს ავტომობილის უკან სავარძელზე და დაუსხდნენ გვერდებში, რომ არ გაქცეულიყო, რის შემდეგაც, ასევე მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს ქალაქ თბილისში და მიიყვანეს მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე.
“მიუხედავად გურამ ამირხანაშვილის მოთხოვნისა, გაეჩერებინათ ავტომობილი და მიეცათ გადასვლის უფლება, მათ სთხოვდა გაეჩერებინათ ავტომობილი და გადასვლის საშუალება მიეცათ, ვახტანგ ჩიქოვანმა, ვასილ მახარაძემ, აკაკი ქვრივიშვილმა, ზეზვა ხომასურიძემ, არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა იგი მაინც ქალაქ თბილისში წაიყვანეს.
“2020 წლის 22 ივნისს მდინარე არაგვში აღმოჩენილი იქნა გიორგი შაქარაშვილის გვამი.“ – აღნიშნულია საქმის მასალებში.