შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაში წვლილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუძღვის – სამადაშვილი

ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაში წვლილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუძღვის.
როგორც დეპუტატი ამბობს, შეთანხმების ჩაშლა იყო „ქართული ოცნების“ გეგმა და ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირ შეუწყო ხელი ამ პროცესს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ორი პოლიტიკური ძალა – „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ მიაქანებს ქვეყანას კატასტროფისკენ. მე მიმაჩნია, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ უარის თქმამ შეთანხმების ხელმოწერაზე თავისი როლი ითამაშა. სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლება „ნაცმოძრაობას“ იყენებს საბაბად, ამიტომ არ უნდა მისცე საბაბი ოპონენტს, რომ ქვეყანა წაიყვანოს კატასტროფისკენ. ქვეყანაში იწყება უმძიმესი პოლიტიკური პროცესი. მე არ ვიცი, რა გეგმა აქვთ ახლა „ნაცმოძრაობის“ წევრებს. შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერები უზრუნველვყოფდით ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და კოალიციური, მრავალპარტიული, დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას. ახლა უნდა დავიწყოთ კონსულტაციები, ვინაიდან ცხადია, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავისი გადაწყვეტილებით ცუდი როლი ითამაშა, მაგრამ შეთანხმება ხელმომწერებისგან დაარღვია მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.