შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება ორი თვით გახანგრძლივდა

ე.წ. „მარცვლეულის გარიგება“, რომელიც უკრაინის პორტებიდან სურსათის ექსპორტს ითვალისწინებს, კიდევ ორი თვით გახანგრძლივდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, იუწყება სააგენტო Anadolu.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, გაწეული ძალისხმევისთვის მადლობას უხდის რუს და უკრაინელ კოლეგებს, ასევე, გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს.
„ჩვენი ქვეყნის ძალისხმევით, ჩვენი რუსი მეგობრების მხარდაჭერითა და უკრაინელი მეგობრების წვლილით, გადაწყდა შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების კიდევ ორი თვით გახანგრძლივება. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ვიხილავთ იმ დღეებს, როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დასრულდება, ჯერ ცეცხლის მუდმივი შეწყვეტით, შემდეგ კი მშვიდობით. გარდა ამისა, ჩვენმა რუსმა მეგობრებმა განაცხადეს, რომ ისინი ხელს არ შეუშლიან თურქული გემების გასვლას მიკოლაივის და ოლვიას პორტებიდან. ჩვენ მადლობელი ვართ ამისთვის“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მარცვლეულის შეთანხმება ორი თვით გახანგრძლივდა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
გაერო-მ, თურქეთმა, რუსეთმა და უკრაინამ თავდაპირველად გასული წლის ივლისში, სტამბულში მოაწერეს ხელი შეთანხმებას უკრაინის შავი ზღვის სამი პორტიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენაზე, რომელიც 2022 წლის თებერვალში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეჩერდა.
“ვისურვებდი, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკვების მიწოდების გლობალური ჯაჭვის შეუფერხებლად მუშაობისთვის და განსაკუთრებით გაჭირვებული ქვეყნებისთვის მარცვლეულის ხელმისაწვდომობისთვის, სასარგებლო იყოს ყველა მხარისთვის.
ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას იმისათვის, რომ შეთანხმების ყველა პირობა შესრულდეს და ის გაგრძელდეს მომდევნო პერიოდში“, – წერს ერდოღანი.
მისივე ცნობით, რუსულმა მხარემ “პირობა დადო, რომ არ შეუშლის ხელს თურქულ გემებს მიკოლაივის და ოლვიის პორტებში შესვლაში”.
ინფორმაციას ადასტურებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.
„მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივება იძლევა შანსს რეალურად დავეხმაროთ გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, – ციტირებს TASS რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
შეგახსენებთ რომ უკანასკნელი გახანგრძლივების შემდეგ შეთანხმების მოქმედებას 18 მაისს ეწურებოდა ვადა. რუსეთი ბოლო მომენტამდე არ თანხმდებოდა ახალ გახანგრძლივებას და დამატებით მოთხოვნებს აყენებდა. რა პირობებით დასთანხმდა მოსკოვი გარიგების გახანგრძლივებას, ჯერ არ არის ცნობილი.
გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა საექსპორტო შეთანხმება, თავიდან 120 დღის ვადით, იმისთვის, რომ შემსუბუქებულიყო საკვების გლობალური კრიზისი, რომელიც გაღრმავდა მოსკოვის შეჭრით უკრაინაში, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მარცვლეულის ექსპორტიორ ქვეყანაში.
ნოემბერში მოსკოვი დასთანხმდა შეთანხმების გახანგრძლივებას.