მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელება რუსეთის გარეშეც შესაძლებელია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელება რუსეთის გარეშეც შესაძლებელია.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, არავის აქვს იმის უფლება რომელიმე ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება გაანადგუროს.
პრეზიდენტი ზელენსკი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს ელაპარაკა „მარცვლეულის შეთანხმების“ შენარჩუნების აუცილებლობაზე. შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისს ამოიწურა და რუსეთმა მის გაგრძელებაზე უარი თქვა.

წუხელ, გუტერეშთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზელენსკის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სასურსათო უსაფრთხოების და შავი ზღვით პროდუქტის გატანის აღსადგენად ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს იარაღად გამოიყენოს შიმშილი და დესტაბილიზაცია გლობალურ სასურსათო ბაზარზე.

“უკრაინული სურსათი უსაფრთხოების ძირითადი წყაროა თითქმის 400 მილიონი ადამიანისთვის. თუ სადღაც კრემლში ადამიანების ჯგუფს ჰგონია, რომ აქვთ უფლება გადაწყვიტონ, იქნება თუ არა მაგიდაზე საკვები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ეგვიპტეში თუ სუდანში, იემენში ან ბანგლადეშში, ჩინეთში ან ინდოეთში, თურქეთში თუ ინდონეზიაში, მაშინ მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ შანტაჟის უფლებას არავის მისცემს. ყველას აქვს სტაბილურობის უფლება. ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ უსაფრთხოებაზე, დაცვაზე რუსული სიგიჟისგან.

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელება შესაძლებელია და ის უნდა გაგრძელდეს რუსეთის გარეშეც. მარცვლეულის შესახებ ექსპორტის შეთანხმება არის შეთანხმება თურქეთთან და გაეროსთან და ის ძალაში რჩება. ერთადერთი, რაც ახლა საჭიროა – მისი ფრთხილად განხორციელებაა და გადამწყვეტი ზეწოლა მსოფლიოს მხრიდან ტერორისტულ სახელმწიფოზე”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
17 ივლისს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი თქვა „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებაზე, უკრაინამ შუამავალ გაეროს და თურქეთს მიმართა, რუსეთის გარეშე უზრუნველყონ შავი ზღვის საექსპორტო დერეფნის მუშაობა. ამ თემაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პარტნიორ სახელმწიფოებთან კონსულტაციებს აწარმოებს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში.
შეთანხმების ვადის გასაგრძელებლად რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებას გეგმავს შუამავალი თურქეთის პრეზიდენტი ერდოანი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებამ“ ჰუმანიტარული დანიშნულება ვერ გაამართლა და აშკარაა „საბოტაჟიც”, რომლის გამოც ინიციატივა აზრს კარგავს, ამიტომ მის გაგრძელებას ეწინააღმდეგებიან. რუსეთის თანახმად, ეს ნიშნავს ნაოსნობის უსაფრთხოების გარანტიათა უკან გაწევევას, შავ ზღვაში ჰუმანიტარული დერეფნის გაუქმებას, ჩრდილო-აღმოსავლეთ აკვატორიაში დროებით საშიში რაიონის რეჟიმის აღდგენას და სტამბოლში მოქმედი საკოორდინაციო ცენტრის დაშლას.

რუსეთი გარიგების შენარჩუნების სანაცვლოდ მოითხოვდა ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ამუშავებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მისი ნაწილების მიწოდების აღდგენას, უცხოეთის პორტებში რუსული გემების შესვლას, სატრანსპორტო ლოგისტიკის განბლოკვას და „როსსელხოზბანკის“ დაბრუნებას საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-ში. რუსეთს ეს ყველაფერი შეზღუდული აქვს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამოქმედებული სანქციების საფუძველზე.

უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით უკრაინული ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის 120 დღით განახლების შეთანხმებას.
გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.
შეთანხმების მოქმედების ვადა სამჯერ გაგრძელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button