მნიშვნელოვანისიახლეები

შეძლებს თუ არა ენმ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საჭირო ხმების მოგროვებას

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის საჭირო ხმებს, “ნაციონალური მოძრაობა”, კოლეგა ოპოზიციურ პარტიებში ეძებს.
მორიგი კონსულტაციები “გირჩთან” და “მოქალაქეებთან” გაიმართა.
მოლაპარაკებები ნაწილობრივ შედეგიანი აღმოჩნდა. “გირჩმა” საკუთარი 4 ხმის სანაცვლოდ, “ნაციონალურ მოძრაობას” წინაპირობა დაუყენა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათგან ანალოგიურ მხარდაჭერას მიიღებს.

“მოქალაქეებს” პოზიცია არ შეუცვლიათ. ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერენ.
ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში პარლამენტმა არამარტო, პატიმარ სააკაშვილთან არასათანადო მოპყრობის ფაქტები, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს მომხდარი ანალოგიური დანაშაულებებიც უნდა გამოიკვლიოს. კომისიის შექმნის ინიციატივას არც გახარიას გუნდის წევრები იზიარებენ.

ოპოზიციის ნაწილის მსგავსად, “ქართულ ოცნებაშიც” მიაჩნიათ, რომ დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნა არასწორია. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ კომისია სტანდარტული საგამოძიებო პროცედურების ალტერნატივა არ არის.

უპირობო არ არის ოპოზიციის იმ ნაწილის მხარდაჭერაც, ვინც დროებითი საგამოძიებო კომისიის ინიციატივას იზიარებს. პარტიების ნაწილში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით სხვა თემებზე ანალოგიური კომისიების შექმნას მეტი პერსპექტივა ექნება.

დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის უპერსპექტივობაზე, თავიდანვე საუბრობდნენ მმართველ პარტიაში. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ კომისია მხოლოდ იმის დაადგენს, რომ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტთან მიმართებაში, უფლებები არ დარღვეულა.

შეძლებს თუ არა, “ნაციონალური მოძრაობა” საჭირო 50 დეპუტატის მხარდაჭერას, ჯერჯერობით უცნობია, დეპუტატების ნდობის მოსაპოვებლად, “ნაციონალურ მოძრაობას” დაახლოებით 1 თვე აქვს.

გარდა ამისა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, სააკაშვილი ითხოვს, მისი სავარაუდო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების გარდა, ასევე შეიქმნას მეორე კომისია, რომელიც ელექტროენერგიაზე, საწვავზე, გაზზე არაადეკვატურად მაღალ ფასს შეისწავლის.

როგორც ადვოკატმა ციხეში მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი მოუწოდებს და სთხოვს საკუთარ თანამებრძოლებს, ამ საკითხზე უკლებლივ ყველა ძალასთან კონსულტაციები ჰქონდეთ.

როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ყველა პირი გამოვლინდეს, ვინც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით კანონი დაარღვია.
მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან კითხვები ძირითადად ეხებოდა გორის ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებს და მისი ეტაპირების ეპიზოდს.
ამასთან, ადვოკატის თქმით, არის რისკი იმისა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გაანადგურონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button