მნიშვნელოვანისიახლეები

შეერთებული შტატები გმობს ჟურნალისტებზე ძალადობასა და მათ შევიწროებას

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ გასული წლის 5 და 6 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა შოკისმომგვრელი იყო, ელჩი მოძალადეების დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს
ვიდეომიმართვა, რომელიც მან გაავრცელა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჩაიწერა.

დეგნანის განცხადებით, პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც ჟურნალისტებს ემუქრება და თავს ესხმის. მისივე თქმით, 5 და 6 ივლისის შოკისმომგვრელი ძალადობა გვახსენებს ძალადობის ორგანიზატორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობას, დაუსჯელობა კი შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ძალადობა მისაღებია.

“შეერთებული შტატები კატეგორიულად გმობს ჟურნალისტებზე ძალადობასა და მათ შევიწროებას. პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც ჟურნალისტებს ემუქრება და თავს ესხმის.
5 და 6 ივლისის შოკისმომგვრელი ძალადობა გვახსენებს ძალადობის ორგანიზატორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობას. დაუსჯელობა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ძალადობა მისაღებია, ძალადობა კი არასდროსაა მისაღები”, – აცხადებს კელი დეგნანი.

ელჩის თანახმად, ხელისუფლებაში მყოფთა პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ თავისუფალი და ღია მედიაგარემო. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პროაქტიული ნაბიჯები უნდა გადადგას.

“დემოკრატიებს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია უნდა ჰქონდეს… დაუსჯელნი არ უნდა დარჩნენ ისინი, ვინც ჟურნალისტებზე თავდასხმით საქართველოს დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან – მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა. თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ნამდვილი დემოკრატიული საზოგადოების კრიტერიუმია”, – ამბობს კელი დეგნანი.

გასულ წელს, 5 ივლისს, მაშინ, როცა თბილისში “ღირსების მარში” უნდა გამართულიყო, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და “ალტ-ინფოს” მოწოდებით, პარლამენტის წინ სიძულვილის ჯგუფები შეიკრიბნენ. მათ 50-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადეს. მოძალადეებიდან მხოლოდ 30-ზე მეტი პირი მიეცა პასუხისგებაში. არავინაა დაკავებული ძალადობის ორგანიზების ბრალდებით. გასული წლის მოვლენების გათვალისწინებით, წელს „თბილისი პრაიდმა“ უარი თქვა საჯარო მანიფესტაციაზე, მაგრამ „კვირეულის“ დაანონსებისთანავე ულტრაკონსერვატორებმა საკუთარი ტელევიზიის, „ალტ-ინფოს“ ეთერში თუ სხვა პლატფორმებზე მაინც დაიწყეს მის ჩაშლაზე საუბარი.

ამ მუქარის მიუხედავად, „პრაიდის კვირეული“ წელს 28 ივნისს გაიხსნა და 2 ივლისს დასრულდა. კვირეულის ფარგლებში, უსაფრთხოების ზომების დაცვის პირობებში, სამი დახურული ღონისძიება გაიმართა: ქვიარ ფილმის ჩვენება, ლგბტქ კონფერენცია და მუსიკალური ფესტივალი.

მსგავსი პოსტები

Back to top button