“შეერთებული შტატები უკრაინას თხოვნით მიმართავს აჩვენოს, რომ ღიაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის “

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია კონფიდენციალურად მოუწოდებს უკრაინის ლიდერებს, გამოხატონ ღიაობა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის და უარი თქვან საჯარო პოზიციონირებაზე, რომ არ ჩაერთვებიან სამშვიდობო მოლაპარაკებში, სანამ ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაშია, იტყობინება Washington Post.
გამოცემა ციტირებს ინფორმირებულ ანონიმურ წყაროებს, რომელთა თანახმად, ამერიკელი ოფიციალური პირების მიზანი არ ყოფილა უკრაინის იძულება, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ესაა მცდელობა, კიევმა არ დაკარგოს მხარდაჭერა ქვეყნებისა, რომლებსაც არ სურთ მრავალწლიანი კონფლიქტი.
პოსტი წერს, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები იზიარებენ უკრაინელი კოლეგების შეფასებას, რომ პუტინი ამჟამად სერიოზულად არაა განწყობილი მოლაპარაკებების მიმართ. ამასთან, ისინი აღიარებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის უარი მოლაპარაკებებზე შეშფოთებას იწვევს ევროპის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ნაწილებში, სადაც საკვებისა და საწვავის ფასებზე ომის გავლენა ყველაზე მკვეთრად იგრძნობა.
“შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ ზელენსკის უარმა მოლაპარაკებებზე გამოიწვია ევროპის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის იმ ქვეყნების აღშფოთება, სადაც ომის ეფექტი საკვების და საწვავის ფასებზე ახდენს გავლენას” ნათქვამია სტატიაში. “ვაშინგტონ პოსტი” ერთ-ერთ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ზოგიერთი პარტნიორი უკვე დაიღალა უკრაინის საკითხით. ამერიკის ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ კიევი ზამთრამდე რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაბრუნებას ეცდება. ზამთარში კი შესაძლოა გაჩნდეს ფანჯარა დიპლომატიისთვის.
„ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი რეალურად დაღლილია უკრაინით“, – ციტირებს Post ერთ-ერთ ანონიმურ ამერიკელ ოფიციალურ პირს.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჟურნალისტებს უთხრა:
„ადრეც ვთქვით და კიდევ ვიტყვით: მოქმედება სიტყვებზე ხმამაღალია. თუ რუსეთი მზადაა მოლაპარაკებისთვის, მან უნდა შეაჩეროს ბომბები და რაკეტები და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან… კრემლი აგრძელებს ამ ომის ესკალაციას. კრემლი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აჩვენებს, რომ არ სურს სერიოზულად ჩაერთოს მოლაპარაკებებში“.
სპიკერმა ასევე გაიხსენა ზელენსკის სიტყვები, რომელთა თანახმად: „ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, სამართლიანი მშვიდობისთვის, რომლის ფორმულაც არაერთხელ გავაჟღერეთ“.
პარასკევს მიმართვაში ზელენსკიმ დაამატა: „მსოფლიომ იცის ჩვენი პოზიცია. ეს არის გაეროს წესდების პატივისცემა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, ჩვენი ხალხის პატივისცემა“.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა პარასკევს კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი დარჩება.