მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უფლება მისცა რუსეთის ტერიტორია დაბომბოს

უკრაინამ უკვე სცადა რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით დარტყმა, – პესკოვი

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ფარულად მისცა უფლება, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს, თუმცა მხოლოდ ხარკოვის მახლობლად, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრნობით ავრცელებს.

„პრეზიდენტმა ახლახან უბრძანა თავის გუნდს, უზრუნველყოს, რომ უკრაინამ შეძლოს, გამოიყენოს ამერიკული იარაღი ხარკოვის რეგიონში საპასუხო დარტყმებისთვის, რათა უკრაინამ შეძლოს უპასუხოს რუსეთის ძალებს, რომლებიც მათ ურტყამენ ან ემზადებიან მათ დასარტყმელად”, – აღნიშნავს ამერიკელი ოფიციალური პირი „პოლიტიკოსთან“. გამოცემის წყაროს ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე დარტმების განხორციელების არდაშვების პოლიტიკა „არ შეცვლილა“ .

ამასთან, წყარო გამოცემას უყვება, რომ უკრაინამ შეერთებულ შტატებს ამ პოლიტიკის შეცვლა მხოლოდ მას შემდეგ სთხოვა, რაც მიმდინარე თვეს ხარკოვზე შეტევა დაიწყო.

ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, უკრაინას არ შეუძლია, გამოიყენოს იარაღი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის ან შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტების გასაშვებად.
გამოცემის ცნობითვე, აშშ კვლავ გამორიცხავს უკრაინის საზღვრებს მიღმა შორ მანძილზე მოქმედი “ატაკამსის” რაკეტების გამოყენებას.
როგორც მედია წერს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ბლინკენმა არ დააკონკრეტა, შეიძლება თუ არა ბაიდენის უფლებამოსილება გაფართოვდეს რუსეთის სხვა ქალაქებზე.

მისი თქმით, აშშ პასუხობს იმას, რაც დაინახა ხარკოვის რეგიონში და მის გარშემო.

„უკრაინამ გვთხოვა ნებართვა, გამოეყენებინათ იარაღი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ამ აგრესიისგან თავის დასაცავად, მათ შორის რუსული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც იკრიბებიან საზღვრის რუსულ მხარეს და შემდეგ უკრაინას უტევენ. ეს თხოვნა პირდაპირ მივიდა პრეზიდენტთან და როგორც უკვე გაიგეთ, მან მისცა ნებართვა, გამოიყენონ ჩვენი იარაღი ამ მიზნით“, – განაცხადა ბლინკენმა.

მისივე თქმით, აშშ წარადგენს უკრაინის მხარდაჭერის პაკეტს, რომელიც გააძლიერებს ნატო-ს თანამშრომლობას და მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.

„როგორც მოკავშირეები შეთანხმდნენ და ნათლად განაცხადეს ვილნიუსში, ბოლო სამიტის დროს, უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენი მიზანი ახლა არის ხიდის აშენება, რათა უკრაინა დაუახლოვდეს და საბოლოოდ მივიდეს ნატო-ს წევრობამდე. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის ხიდი, რომელსაც, ვფიქრობ, იხილავთ სამიტზე. სამიტზე ჩვენ წარვადგენთ უკრაინის მხარდაჭერის ძლიერ პაკეტს, რომელიც გააძლიერებს ნატო-ს თანამშრომლობას და მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის ნატოში ინტეგრაციას“, – განაცხადა ბლინკენმა.
რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება, რუსეთის შიდა ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებს დაარტყას, თუმცა არა სხვა სამიზნეებს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რუსეთზე დარტყმების განხორციელების ნებართვა მისცა.
ამის შესახებ მან სტოკჰოლმში პრესკონფერენციაზე შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ჩემმა სამხედროებმა დილით მაცნობეს, რომ ასეთი შეტყობინება ამერიკული მხარისგან მიიღეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეტყობინების შესახებ დეტალურად ვერ ისაუბრებს, რადგან უნდა დაინახოს „პრაქტიკაში რა მოხდება“.
„ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი იმ მიზნისკენ, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ, რათა შესაძლებელი გახდეს ჩვენი ხალხის დაცვა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინამ უკვე სცადა რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით დარტყმა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ცნობილი იყო თუ არა რუსეთისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინას ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება ფარულად მისცა, პესკოვმა უპასუხა, რომ ამ კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ მათ არ იცოდნენ.
„არა, ჩვენთვის არაფერია ცნობილი ამ კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ. რაც ვიცით, არის ის, რომ, ზოგადად, უკრაინას უკვე აქვს რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოებული იარაღით დარტყმის მცდელობები. ეს ჩვენთვის საკმარისია და ეს ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად არის ამერიკის შეერთებული შტატები ჩართული კონფლიქტში“, – აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე, რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ასეთი იარაღის მიწოდება წარმოადგენს “წითელ ხაზს”, რომლის გადაკვეთისთვისაც პასუხს გასცემენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button