მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შეღავათები ავტოიმპორტიორებისა და ფერმერებისთვის

ავტომფლობელებისთვის ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, განბაჟების გადავადებასთან ერთად, ავტოიმპორტიორებს ამ პერიოდში არც საურავები დაერიცხებათ.

„ფაქტია, კრიზისის ზემოქმედება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად იქნება გრძელვადიანი. ჩვენ რამოდენიმეჯერ უკვე მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა. ის ნაბიჯი, რომელიც გადავდგით განბაჟებასთან დაკავშირებით და ერთხელ უკვე გადავავადეთ, ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება, რომ გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე. ეს ნიშნავს, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე საურავების დარიცხვა არ მოხდება. ეს დაახლოებით, 24 000 ავტომფლობელს შეეხება და თუ არ ვცდები, ეს არის 30 მილიონ ლარზე მეტი შეღავათი საგადასახადო გადავადების.” – განაცხადა გახარიამ.

“ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის 10 თეთრით სუბსიდირების შესახებ.” – ეს განცხადებაც, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საბოლოოდ, ეს ფასი ფერმერებისთვის იქნება არანაკლებ 22 თეთრისა.

გახარიას თქმით, ფერმერების წარმოებული არც ერთი გრამი პროდუქტი დაუბინავებელი არ უნდა დარჩეს.

„ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სექტორულად ვეხმარებით სხვადასხვა დარგებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სოფლის მეურნეობას. ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ ჩვენი ფერმერების წარმოებული არც ერთი გრამი პროდუქტი დაუბინავებელი არ უნდა დარჩეს. ამ მოტივით იყო განპირობებული ჩვენი დახმარება მევენახეებისთვის და მოგეხსენებათ, რომ მთავრობა ასუბსიდირებს ყურძნის შესყიდვას წელს და შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ, ეს იქნება ვაშლის მოსავლის დაბინავება. წელს საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა, ამიტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირების შესახებ 10 თეთრით. საბოლოოდ, ეს ფასი ჩვენი ფერმერებისთვის იქნება არანაკლებ 22 თეთრისა. ყველა ის კომპანია, რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც შეიქმნება სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით, ამ სუბსიდირებას მიიღებს დამატებით 10 თეთრის ოდენობით. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, ამიტომ, აქ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა. ეს პროგრამა გაგრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button