მნიშვნელოვანისიახლეები

შესაძლოა, სწავლის დაწყებამ გაზარდოს ინფიცირების მაჩვენებელი

საქართველოში, ისევე როგორც ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოში ძირითადად კორონავირუსის მეხუთე ქვევარიანტი ცირკულირებს

სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა არ არის საჭირო, თუმცა, შესაძლოა, სწავლის დაწყებამ გაზარდოს ინფიცირების მაჩვენებელი, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, რესპირაციული ვირუსების პიკი გადავლილია, თუმცა შესაძლოა, მათმა რაოდენობამ იანვარ-თებერვალში მოიმატოს.

„სწავლის დისტანციურ რეჟიმში გადასვლის რეკომენდაცია გამომდინარეობს ინფიცირებულების რაოდენობიდან, თუ რამდენად ბევრია. ნათელია, რომ ჩვენს ქვეყანაში მწვავე რესპირაციული ვირუსების პიკი გადავლილია. იმ მონაცემებში, რომლებსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს, ნათლად ჩანს, რომ ქვეყანაში უკვე გვქონდა პიკური პერიოდი კალენდარულ 46-ე კვირას, ნოემბრის ბოლოდან კი შემცირდა გრიპისმაგვარი დაავადებების გავრცელება.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია გრიპისმაგვარმა შემთხვევებმა იანვარ-თებერვალში მოიმატოს. დღევანდელი მონაცემებით, პიკი უკვე გადავლილია, შესაბამისად, სკოლების დისტანციურ რეჟიმში გადაყვანა საჭირო არ არის, თუმცა, შესაძლოა, სწავლის დაწყებამ გაზარდოს ინფიცირების მაჩვენებელი, რაც ვიმედოვნებ, რომ ტრაგიკული არ იქნება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვაქცინაცია კვლავ ერთ-ერთ რეკომენდაციად რჩება. ვინც რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, მათთვის სასურველია აცრა“, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

საქართველოში, ისევე როგორც ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოში ძირითადად კორონავირუსის მეხუთე ქვევარიანტი ცირკულირებს – ეს ვარიანტი არ განიხილება, როგორც საფრთხის შემცველი, ჯანმოს მისთვის შეშფოთების ახალი კლასიფიკაცია არ აქვს მინიჭებული.
როგორც მან ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, კორონავირუსი გრიპთან ერთად განიხილება, როგორც ვირუსი, რომელიც ყველაზე მეტად ცირკულირებს. მისივე განმარტებით, პირველ ადგილზე გრიპის ვირუსია 37%-ით, მეორე ადგილზე კი სწორედ კორონავირუსი, რომლის გავრცელების სიხშირე 30%-ს შეადგენს.

„კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც ახლა შეშფოთებას იწვევს, ჩინეთში ახალი ტალღის გამომწვევი ვარიანტია. ის თავისი ბუნებით, საქართველოში გავრცელებული მეხუთე ვარიანტის ერთ-ერთი სახეობაა. საქართველოში, ისევე როგორც ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოში, ძირითადად კორონავირუსის მეხუთე ქვევარიანტი ცირკულირებს. შესაბამისად, თუ გლობალურად შევხედავთ, ეს არ არის ახალი მუტაცია. ეს ისევ „ომიკრონია“, „ომიკრონის“ მუტაციის ქვევარიანტი. აქედან გამომდინარე, მას რადიკალური ცვლილება ინფიცირების მაჩვენებელში არ შეუძლია. კითხვაზე – „შეუძლია თუ არა, აღნიშნულ ვარიანტს გლობალურად კორონავირუსის ზრდა გამოიწვიოს?“- ამაზე ექსპერტებს ნეგატიური პასუხი აქვთ – არა.

მეხუთე ვარიანის მიმართ იმუნიტეტი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აქვს, განსაკუთრებით, მათ, ვისაც „ბუსტერი“ აქვს გაკეთებული, ის კარგად არის დაცული ამ შტამისგან, ამიტომ, ეს ვარიანტი არ განიხილება, როგორც საფრთხის შემცველი, ჯანმოს მისთვის ახალი შეშფოთების კლასიფიკაცია არ აქვს მინიჭებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, იმას, რაც ჩინეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს, თავისი მიზეზები აქვს. კერძოდ, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩინეთში ძალიან დაბალია მოსახლეობის მესამე დოზით ვაქცინაციის მაჩვენებელი, რამაც ხელი შეუწყო ინფექციის გავრცელებას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩინეთი ნულოვანი კოვიდის პოლიტიკას ატარებდა, როდესაც თითოეულ შემთხვევას განიხილავდა საფრთხის შემცველად, ახლა კი გადავიდნენ შემდეგ პრინციპზე – ვიცხოვროთ კორონავირუსთან ერთად.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას, კორონავირუსი გრიპის ვირუსთან ერთად განიხილება, როგორც ყველაზე მეტად ცირკულირებადი ვირუსი. პირველ ადგილზე გრიპის ვირუსია 37%-ით, მეორე ადგილზე 30%-ით კი სწორედ კორონავირუსი.

ჯანმოს მოსაზრება, რომ კორონავირუსი სეზონური ვირუსის მსგავსი გახდება, შეიძლება ითქვას, რომ ამ მონაცემებით გამართლებულია. კორონავირუსის სეზონური მატება გვაქვს. სეზონის დაწყების წინ კორონავირუსის ხვედრითი წილი არ აღემატებოდა 9%-ს, ახლა 2-ჯერ მეტი გვაქვს“, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

რაც შეეხება გრიპის ვირუსების განაწილებას, როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, ახლა ქვეყანაში ძირითადად ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი ჭარბობს.

„ახლა ჭარბობს ძირითადად A ტიპის ვირუსი, რასაც „ღორის გრიპს“ ვეძახით. თუ წინა კვირას H3N2 ტიპის ვირუსი ჭარბობდა, ახლა უფრო მეტად „ღორის ტიპის“ ვირუსია გავრცელებული“,-აღნიშნა მან.

ივანე ჩხაიძე იმედოვნებს, რომ 2023 წლის ზამთრის სეზონის წინ ჩვენ გვექნება ვაქცინა, რომელიც მორგებული იქნება, როგორც გრიპზე, ისე კორონავირუსზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button