შეთანხმება ძალაშია და მხარეები ამუშავებენ ბოლო ლოგისტიკურ დეტალებს-აშშ

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, რომელიც თავდასხმის ობიექტსაც სამხრეთით მდებარე ქალაქ ეილათის მიმართულებით გაუშვეს.
ადგილობრივი მედია წერს, რომ რაკეტა იემენიდან აჯანყებულმა ჰუსიტებმა გაუშვეს.
BBC-ის ცნობით, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ხუთშაბათს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა გარკვეული მიმართულებებით დაპირისპირება კვლავ გრძელდება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას იმედი აქვს, რომ ღაზის სექტორში მყოფი მძევლების გათავისუფლება პარასკევს, 24 ნოემბერს დილით დაიწყება. ამის შესახებ, როგორც ტელეკომპანია CNN-ი იუწყება, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივანმა ედრიენ უოტსონმა განაცხადა.
ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის კატარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, მძევლების გათავისუფლების პროცესი დღეს, 23 ნოემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, 24 ნოემბრამდე გადაიდო.
თეთრი სახლის თანახმად, შეთანხმება ძალაშია და მხარეები ამუშავებენ ბოლო ლოგისტიკურ დეტალებს. ედრიენ უოტსონის განცხადებით, მთავარი ამოცანაა მძევლების უსაფრთხოდ დაბრუნება. შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივნის განმარტებით, დამატებითი დრო დასჭირდა მძევლების ადგილსამყოფელსა და მათი ტრანსპორტირების მარშრუტებთან დაკავშირებული დეტალების დაზუსტებას.
უოტსონის ინფორმაციით, შეფერხების შესაძლებლობის მინიმუმამდე დასაყვანად პროცესის დაწყების ერთი დღით გადავადება ისრაელმა გადაწყვიტა კატარსა და ეგვიპტესთან ერთად და კონსულტაციები გაიმართა შეერთებულ შტატებთანაც, რომელიც გადაწყვეტილებას დაეთანხმა.
ისრაელის არმიის მონაცემებით, ღაზის სექტორში 200-ზე მეტი მძევალი იმყოფება. მათ შორის არიან აშშ-ის მოქალაქეებიც.
22 ნოემბერს, როგორც ისრაელის, ისე „ჰამასის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მძევლების გასათავისუფლებლად მიღწეული შეთანხმების შესრულება 23 ნოემბერს, დილიდან დაიწყებოდა. 23 ნოემბერს, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა ცახი ჰანეგბმა განაცხადა, რომ მძევალთა გათავისუფლება დაიწყება მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, თუმცა, ეს პარასკევზე, 24 ნოემბერზე ადრე არ მოხდება.
ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, სხვადასხვა მედიასაშუალებას განუცხადა, რომ შეთანხმების ასამოქმედებლად უახლოეს 24 საათში ხელი უნდა მოეწეროს ერთგვარ სარატიფიკაციო დოკუმენტს. სხვა წყაროები პროცესის დაწყების გადადების მიზეზად იმას ასახელებენ, რომ „ჰამასს“ ისრაელისთვის ჯერჯერობით არ გადაუცია გასათავისუფლებელი მძევლების პირველი ჯგუფის სია. ამ მონაცემების მისაღებად კატარში იმყოფება ისრაელის დაზვერვის სამსახურის, „მოსადის” ხელმძღვანელი დავიდ ბარნეა.
ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა 22 ნოემბერს, 6-საათიანი მწვავე განხილვის შედეგად, მხარი დაუჭირა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებში მთავარი შუამავალი კატარია. პროცესში ჩართული არიან ეგვიპტე და ამერიკის შეერთებული შტატებიც.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობამ, რომელიც ვალდებულია სახლში დააბრუნოს ყველა მძევალი, დაამტკიცა ამ მიზნის მიღწევის გეგმის პირველი ეტაპი. სულ მცირე 50 ქალი და ბავშვი გათავისუფლდება 4 დღის განმავლობაში და ამ პერიოდში საბრძოლო მოქმედებები შეჩერებული იქნება. გარდა ამისა, დამატებით ყოველი 10 მძევლის გათავისუფლება გამოიწვევს პაუზის კიდევ ერთი დღით გაგრძელებას.
თავის მხრივ, „ჰამასმა“ შეთანხმების პუნქტებად დაასახელა ისრაელის საპატიმროებიდან ათეულობით პალესტინელი ქალის და არასრულწლოვნის გათავისუფლება და ღაზის სექტორში გაცილებით მეტი ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის საწვავის შეტანა.
შეგახსენებთ, ისრაელისა და „ჰამასის“ ოფიციალურმა პირებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ შეთანხმება ძალაში ხუთშაბათს დილის 10 საათზე შევიდოდა, მაგრამ ისრაელმა დღის ბოლოს განაცხადა, რომ მისი ამოქმედება პარასკევამდე არ მოხდებოდა.
„ჰამასსა“ და ისრაელს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით „ჰამასმა“ პირველ ეტაპზე 50 ისრაელელი მძევალი უნდა გაათავისუფლოს, სანაცვლოდ კი ისრაელი საპატიმროში მყოფ 150 პალესტინელ ქალსა და ბავშვს გაათავისუფლებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 7 ოქტომბერს დაწყებულ სამხედრო დაპირისპირებას 1 200-ზე მეტი ისრაელელი და 14 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.
ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით მძევლად აიყვანეს.
კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 13 000-ზე მეტი ადამიანი.
დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
„ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.